ფორმულამ მოიპოვა დამატებითი მონაცემები IRI-ის კვლევიდან, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოსახლეობის 66%-ისთვის პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება ძალიან ან ნაწილობრივ მიუღებელი იქნებოდა.
ეს მონაცემები საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის ნაწილია, რომელსაც პოლიტიკურ პარტიები პრეზენტაციის ფარგლებში გაეცნენ, თუმცა კვლევის ეს ნაწილი საჯაროდ არ გამოქვეყნებულა.
კითხვაზე: თქვენთვის მისაღები იქნებოდა თუ არა, თუ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას გადაწყვეტდა? მოსახლეობის 56% აცხადებს, რომ მათთვის ეს ძალიან მიუღებელი იქნებოდა, 10%-ის თქმით კი ეს ნაწილობრივ მიუღებელია.
მოსახლეობის 13%-ისთვის ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ნაწილობრივ მისაღებია, 10%-ისთვის კი ძალიან მისაღები. 11%-მა პასუხისგან თავი შეიკავა, ან განაცხადა რომ არ იცის.
წყარო: IRI
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები 25 აპრილს გამოქვეყნდა.
IRI-ს კვლევის საველე სამუშაოები Polling & Marketing-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა მთელი საქართველოს მასშტაბით 2023 წლის 4-დან 23 მარტამდე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. გამოიკითხა საქართველოს 1500 მოქალაქე 18 წლის ზემოთ, ვისაც ხმის მიცემის უფლება აქვს და ეს რაოდენობა გენერალური მოსახლეობის ჭრილში რეპრეზენტატულია ასაკის, სქესის, რეგიონის და დასახლების ზომის მიხედვით. გამოპასუხების მაჩვენებელმა შეადგინა 63%. ცდომილების ზღვარი ±2.5 პროცენტული პუნქტი. კვლევა დაფინანსდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ.