არასამთავრობო ორგანიზაცია GDI პარლამენტის მიერ ფორმულას, მთავარი არხისა და ტვ პირველის ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერებას განცხადებით ეხმაურება. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის ახალი წესი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ "ამგვარი მოწესრიგება ჟურნალისტურ საქმიანობაზე ინფორმაციული ფილტრის დაყენებას გულისხმობს, რასაც მსუსხავი ეფექტი ექნება".
"მიგვაჩნია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლთანაც, რითაც გარანტირებულია ყოველი ადამიანის უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. აღნიშნული უფლება დემოკრატიული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს, რის მეშვეობითაც საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს იყოს ინფორმირებული სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის შესახებ. მედია, როგორც ინფორმაციის მასობრივი გავრცელების საშუალება, მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად. ამდენად, დემოკრატიული საზოგადოებისთვის მიუღებელია ისეთი წესების არსებობა, რომელიც მედიას ხელს უშლის განახორციელოს მისი ძირითადი ფუნქცია - უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება.
პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება, პარლამენტს ანიჭებს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას და იმ ჟურნალისტების აკრედიტაციის შეზღუდვას, რომელთა დასმული კითხვებიც შესაძლოა დისკომფორტს უქმნიდეს მმართველ პარტიას. საქართველოს კონსტიტუცია ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლების შეზღუდვის საფუძვლად არ ითვალისიწნებს პარლამენტარების უფლებას დაცული იყვნენ ჟურნალისტების კრიტიკული კითხვებისგან. პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მიღებული ბრძანება უშვებს ჟურნალისტის აკრედიტაციის შეჩერების შესაძლებლობას, იმ შემთხვევაში თუ იგი საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში არ შეწყვეტს ინტერვიუს.
ცხადია, ამგვარი მოწესრიგება გულისხმობს ჟურნსლისტურ საქმიანობაზე ინფორმაციული ფილტრის დაყენებას, რასაც მსუსხავი ეფექტი გააჩნია. მოქმედი წესის პირობებში ჟურნალისტებმა აკრედიტაციის შეჩერების შიშით შესაძლოა თავი აარიდონ მმართველი პარტიისთვის კრიტიკული კითხვების დასმას, რაც მათ წაართმევს შესაძლებლობას უზრუნველყონ საზოგადოების ინფორმირება ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებზე.
აქედან გამომდინარე, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მიღებული აკრედიტაციის შეჩერების წესი წინააღდეგობაში მოდის კონსტიტუციით დაცულ ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლებასთან", - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
GDI მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს:
მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით პარლამენტმა სამი წამყვანი მედიის წარმომადგენლებს, კერძოდ ტვ პირველის ჟურნალისტ რუსუდან დუმბაძეს და ოპერატორ ირაკლი მურმანიშვილს, მთავარი არხის ჟურნალისტ თათია წოწონავას და ოპერატორ ზუკა ჩხვირკიას, ფორმულას ჟურნალისტ სოფიო გოზალაშვილს აკრედიტაცია შეუჩერა.
პარლამენტის გადაწყვეტილება დაკავშირებულია მედიების მხრიდან მომზადებული სიუჟეტებისას დეპუტატებისათვის პარლამენტის შენობაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებული მოსამართლეებისა და პროსამთავრობო მედია POST TV-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის ქალთა სექსუალურ შევიწროებაში მხილებულ შალვა რამიშვილთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, 5 მარტს პარლამენტმა რამდენიმე ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერა, ნაწილს კი იმავე დღეს ისევ აღუდგინეს.
როგორც ჟურნალისტებმა თქვეს, მათ საკანონმდებლო ორგანოდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ აკრედიტაცია ერთი თვის ვადით უჩერდებოდათ.
2 მარტს პარლამენტში რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა მიმდინარეობდა, რა დროსაც ჟურნალისტების ნაწილი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, ნაწილი კი, გარეთ მიმდინარე საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ ის ჟურნალისტები, ვისაც აკრედიტაცია "აქციაში მონაწილეობის" მოტივით შეუჩერეს, პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდნენ და პროტესტში მონაწილეობას არ იღებდნენ.
1-ელი მარტიდან პარლამენტში მედიას ქცევის წესები დაუდგინეს, რომლის თანახმადაც "დეპუტატის უარის შემთხვევაში, ჟურნალისტმა ინტერვიუ უნდა შეწყვიტოს". გარდა ამისა, განისაზღვრა ჟურნალისტის აკრედიტაციის წესიც. არსებობს 2 სახის აკრედიტაცია - საპარლამენტო ჟურნალისტებისთვის და ასევე იმ პირებისთვის, რომლებსაც პარლამენტში საქმიანობა დროებით დასჭირდებათ. ამავე ბრძანების მიხედვით, წესების დარღვევის განმეორების შემთხვევაში აკრედიტებულ ჟურნალისტს აკრედიტაცია 6 თვით შეუჩერდება.