პარლამენტი მედიას ქცევის ახალ წესებს უდგენს, რომლის თანახმადაც "დეპუტატის უარის შემთხვევაში, ჟურნალისტმა ინტერვიუ უნდა შეწყვიტოს".
გარდა ამისა, ბრძანების მიხედვით განისაზღვრა ჟურნალისტის აკრედიტაციის წესიც. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, იარსებებს 2 სახის აკრედიტაცია - საპარლამენტო ჟურნალისტებისთვის და ასევე იმ პირებისთვის, რომლებსაც პარლამენტში საქმიანობა დროებით დასჭირდებათ. განისაზღვრება, რამდენი მედია ჯგუფი შეძლებს აკრედიტაციის მიღებას.
"ქცევის წესებს რაც შეეხება: ხელი არ შეუშალოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიებების მსვლელობას; წინასწარი ნებართვის გარეშე არ გადაიღოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამშრომლის სამუშაო ოთახი; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ გადაიღოს მისი დოკუმენტების, მისი ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე არსებული ინფორმაციის ან გამოსახულების აღქმა შესაძლებელი იყოს; არ დაუშვას მისი მხრიდან საქართველოს პარლამენტში მყოფი პირისადმი უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული მიმართვა ან მოქმედება; დაემორჩილოს სახელმწიფო დაცვის და მანდატურის მითითებებს, აკრედიტაცია ატაროს გამოსაჩენად და არ გადასცეს სხვა პირს", – განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილი ამბობს, რომ ქცევის წესები იმისთვის წესდება, რომ "უზრუნველყოფილი იყოს პარლამენტის და მისი ვიზიტორებისთვის საქმიანი გარემო". მისივე თქმით, "ეს წესები ეფუძნება ევროპულ გამოცდილებას".
ახალი წესი პირველი მარტიდან ამოქმედდება.