
ბიზნესმენ გიორგი ბაჩიაშვილის დედამ, მარინა რამაზაშვილმა ფორმულას ეთერში განაცხადა, რომ მისთვის და მისი ქმრისთვის, ალექსანდრე ბაჩიაშვილისთვის გაუგებარია "რას ედავება ივანიშვილი" მათ.
"ბრალდებაზე გამეღიმა - თითქოს ჩემს სერიალში ახალი სეზონი დაიწყო. რას მოიფიქრებს ივანიშვილი შემდეგ სეზონზე, ძნელი წარმოასდგენია. ვფიქრობ, მას შემდეგი სეზონი აღარ ექნება.
არ ვიცი რას მედავება ივანიშვილი, ან რას ედავება თავის თავს. რაში მიგვიძღვის მე ან ჩემს მეუღლეს ბრალი ვერ გავიგე, ალბათ იმაში, რომ კარგიშვილი გავზარდე? კარგი ექიმები რომ ვიყავით? კარგად ვემსახურეთ ჩვენს ხალხს? არაფერი ცუდი რომ არ გაგვიკეთებია? ამაშია ჩემი დანაშაული, ალბათ...", - თქვა რამაზაშვილმა.
გიორგი ბაჩიაშვილის დედის განცხადებით, მათ გარშემო მიმდინარე მოვლენები ივანიშვილისთვის ერთგვარ საცდელ სცენარს წარმოადგენს, ხოლო, გამართლების შემთხვევაში, მისი თქმით, ამ ხერხს ივანიშვილი სხვა დაკავებულების მშობლებზეც გამოიყენებს.
მარინა რამაზაშვილმა ასევე დაამატა, რომ მას ციხის არ ეშინია და შესთავაზა "ოცნების" მმართველს, რომ ბაჩიაშვილის ნაცვლად, საპატიმრო დაწესებულებაში თავად ჩაჯდება.
"ეს ყველაფერი, რაც ჩვენს თავს ხდება, რეტროსპექტივაში რომ ჩავსვათ, ჩანს, რომ ეს ყველივე გადადის სხვებზე - სავარჯიშო სცენარისთვის ვართ. თუ ჩვენზე ეს ცდა გაამართლებს, გააკეთებს სხვებზეც. ვინც ახლა დაჭერილი ჰყავს, ალბათ, ახლა მათ მშობლებს მიადგება, შესაძლოა მერე თავისიანებს მიადგეს. არ ვიცი საით უმიზნებს, ან რას - რად უნდა ჩვენი ასე დაჭერა და თავის თავის დისკრედიტაცია, რისი ჩვენება უნდა ამით?
ივანიშვილის მიზანია გიორგი დიდხანს დატოვოს ციხეში. ახლა მას უნდა დაინახოს, რომ თითქოს ჩემი შვილი ჩემზე ძალადობით შეშინდება. თუ საჭიროა ჩამოვალ და ჩემი შვილის ნაცვლად მე ჩავჯდები ციხეში, პრობლემა არ მაქვს. ვუანონსებ ბიძინა ივანისვილს: ჩემი თავი გიორგის სანაცვლოდ, თუნდაც დღესვე ჩამოვალ", - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილის დედამ.