El Pais: თბილისში ანტირუსული აქციების წინააღმდეგ რეპრესიებმა კიდევ უფრო მძაფრი ხასიათი მიიღო

El Pais: თბილისში ანტირუსული აქციების წინააღმდეგ რეპრესიებმა კიდევ უფრო მძაფრი ხასიათი მიიღო

ესპანური გამოცემა El Pais რუსულ კანონსა და საქართველოში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს.

"იმის ფონზე, როდესაც მთავრობა წინ მიიწევს რუსეთის მიერ შთაგონებული ე.წ. "უცხოური აგენტები" კანონის დამტკიცების საკითხში, საქართველოში ვითარება სულ უფრო იძაბება და ძალადობრივი ხდება", - აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემა წერს, რომ საქართველოში ანტირუსული კანონების საწინააღმდეგო აქციების წინააღმდეგ რეპრესიებმა, ბოლო დღეებში უფრო მძაფრი ხასიათი მიიღო, რაც სამოქალაქო აქტივისტების ცემაში გამოიხატა.

კერძოდ, ყურადღება გამახვილებულია ოთხშაბათს, 8 მაისს განხორციელებულ თავდასხმებზე, როდესაც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის აქტივისტებსა და ორგანიზატორებს ნიღბიანი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ არცერთი თავდამსხმელი არ არის იდენტიფიცირებული ან დაკავებული. "ხოლო პირიქით, პოლიციამ ხუთშაბათს [9 მაისს] აქციის 6 მონაწილე დააკავა, რომელთაც ბრალად სამართალდამცავებზე თავდასხმა ედებათ."

სტატიაში საუბარია საქართველოს ყოფილ ელჩზე საფრანგეთში, გოჩა ჯავახიშვილზე, რომელმაც თანამდებობა რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად დატოვა.

"საქართველოს ელჩმა საფრანგეთში, გოჩა ჯავახიშვილმა საკამათო ღონისძიების გამო, გადადგომის შესახებ განაცხადა და გახდა პირველი მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც თანამდებობა დატოვა ამ მიზეზით [რუსული კანონი]. დიპლომატმა სოციალურ ქსელში განმარტა, რომ კანონპროექტი აშორებს მის ქვეყანას ევროპული ინტეგრაციის გზიდან", - წერს გამოცემა.

El Pais ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად მოიხსენიებს და წერს, რომ იგი, 2013 წელს პრემიერმინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ, ჩრდილოვან მმართველობას ახორციელებდა. ხოლო ახლა, როდესაც საქართველოში რუსული კანონის გამო სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა, "ოლიგარქი 29 აპრილს ჩრდილიდან კანონპროექტის დასაცავად გამოვიდა."

"მან ეს გააკეთა თბილისში, ქვეყნის დედაქალაქში სიტყვით გამოსვლისას, რომელშიც ის არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხო ქვეყნებიდან დაფინანსებულ ელიტად მოიხსენიებდა. ასევე იგი დაემუქრა მთავარ ოპოზიციურ პარტიას "ნაციონალური ერთიანობის", რომ ოქტომბერში დაგეგმილი საკანონმდებლო არჩევნების შემდეგ ეს პარტია "დამსახურებულ სასჯელს მიიღებს და გადაიხდის "ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ ყველა დანაშაულის გამო", - აღნიშნულია სტატიაში.