
ევროკავშირის პრესსპიკერი, ანიტა ჰიპერი მზია ამაღლობელისთვის 2 წლიანი პატიმრობის მისჯასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მასში აღნიშნულია, რომ გაერთიანება გმობს ჟურნალისტისადმი გამოტანილ განაჩენს და გამოხატავს შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო "დამოუკიდებელი ხმების წინააღმდეგ მის რეპრესიის იარაღად" არის გამოყენებული.
ჰიპერი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის რეპრესიული ქმედებები მედიის მიმართ, ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიას.
ევროკავშირი მოუწოდებს "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მზია ამაღლბელი და სხვა უსამართლოდ დაკავებული ადამიანები და მათთან მიმართებაში დაიცვას სამართლიანი სასამართლოს პრინციპი.
"ევროკავშირი მკაცრად გმობს ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც მას 2 წლით პატიმრობა მიესაჯა და ღრმა შეშფოთებას გამოხატავს სასამართლო სისტემის ინსტრუმენტალიზაციის გამო, დამოუკიდებელი ხმების წინააღმდეგ მის რეპრესიის იარაღად გამოყენებასთან დაკავშირებით.
მედიის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლების უფლება ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ თავიანთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულება დევნის ან გაუმართლებელი შეზღუდვის შიშის გარეშე. ხელისუფლების ქმედებები, რომელიც მიმართულია დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ და მისი გაჩუმებისკენ, სწორედ დემოკრატიის საფუძველს უთხრის ძირს, არ შეესაბამება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს და საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი და ასევე უსამართლოდ დაკავებული პირები, უზრუნველყოს და დაიცვას სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც მართლმსაჯულების ფუნდამენტური პრინციპი და დემოკრატიული მმართველობის არსებითი საყრდენი.
ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს მოსახლეობას და მის ევროპულ მისწრაფებებს და სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის ურყევად ერთგული რჩება", - წერია განცხადებაში.