საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა მცირე და საშუალო საწარმოების ზრდისა და განვითარების მხარდასაჭერად განხორციელებული პროექტების სტატისტიკას აქვეყნებს. სტატისტიკის თანახმად, 2023 წელს სექტორში ჯამურად 44 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა.
წარმომადგენლობის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მხოლოდ გასულ წელს, 50 სხვადასხვა პროექტის მეშვეობით მხარდაჭერა მიიღო საქართველოში მოქმედმა 39 000-ზე მეტმა მცირე და საშუალო ბიზნესმა. EU-ში ამბობენ, რომ ამ პროექტებმა ხელშესახები შედეგები მოიტანა როგორც თავად მეწარმეებისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.
EU-ის თანახმად, მხარდაჭერილი მცირე და საშუალო საწარმოების ბრუნვა 12.8%-ით გაიზარდა, რაც თითქმის 37 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნაში აისახა. გარდა ამისა, ბიზნესებმა 200 მილიონი ევროს ოდენობის დამატებითი შემოსავალი მიიღეს, რაც ეკონომიკური ზრდის სტიმულირებაში ამ ინიციატივის ეფექტიანობაზე მეტყველებს.
წარმომადგენლობაში ამბობენ, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა სამი ძირითადი ღერძის გარშემოა აგებული:
ასევე, განცხადებაში ჩამოთვლილია 2023 წლის მთავარი მიღწევები:
"ევროკავშირი კვლავ უჭერს მხარს საქართველოს ეკონომიკის ზრდასა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას. ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში განხორციელებულმა პროექტმა საკუთარ მიზანს, რომელიც 80 ათასი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას ითვალისწინებდა, უკვე გადააჭარბა. 2021-2023 წლებში ევროკავშირის დახმარება 100 000-ზე მეტმა მცირე და საშუალო ბიზნესმა მიიღო.
ჩვენ მოხარული ვართ, რომ ეს შედეგები EU4Business-ის ანგარიშში აისახება: კერძოდ, ის, რომ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ მცირე და საშუალო საწარმოებში ამდენი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, აგრეთვე ის, რომ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საწარმოების 40.4%-ის მფლობელი ან მმართველი ქალია, რაც ბიზნესში გენდერულ თანასწორობას უწყობს ხელს.
ევროკავშირის მიერ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში განხორციელებული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში განხორციელებული ინვესტიციაა", - ამბობს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი ნიკოლას სენდროვიჩი.