CBS News წერს, რომ კამალა ჰარისი დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
კამალა ჰარისის წარმომადგენელმა CBS-ს უთხრა, რომ სატელეფონო საუბრისას ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას და ყველა ამერიკელისთვის პრეზიდენტად ყოფნის მნიშვნელობას.
სავარაუდოდ, კამალა ჰარისი საზოგადოებას ჰოვარდის უნივერსიტეტიდან სიტყვით მიმართავს.
წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. აშშ-ის არჩევნებში დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის უკვე 292 ხმა აქვს, კამალა ჰარისს კი 224.
1892 წლის შემდეგ დონალდ ტრამპი გახდება პირველი პრეზიდენტი, რომელიც თეთრ სახლში დაბრუნდა.