
რუსეთი განიხილავს უკრაინასთან ნაწილობრივი საჰაერო ზავის შესაძლებლობას, რაც დრონებისა და რაკეტების შეტევების დროებით შეჩერებას ითვალისწინებს, – წერს Bloomberg-ი რუსულ წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, მოსკოვში აღნიშნულ ნაბიჯს განიხილავენ როგორც დეესკალაციის ჟესტს და „ტრამპისთვის დათმობაზე წასვლას“, თუმცა ომის სრულ შეწყვეტაზე რუსეთი ჯერ არ თანხმდება.
ბლუმბერგის ინფორმაციით, რუსეთს სურს თავიდან აიცილოს შესაძლო სანქციების ახალი ტალღა, რომელიც ტრამპის მიერ გამოცხადებული ვადის – 8 აგვისტოს – შემდეგ შესაძლოა დაწესდეს. გამოცემის თანახმად, რუსეთმა შესაძლოა საჰაერო იერიშებზე დროებითი უარი თქვას იმ პირობით, რომ უკრაინაც ხელს მოაწერს შესაბამის შეთანხმებას.
ამასთან, წყაროები აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინის ომის სტრატეგიული მიზნები არ შეცვლილა და კრემლი კვლავ განაგრძობს სრულმასშტაბიან სამხედრო ოპერაციებს.
ცნობისთვის: დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის შესაწყვეტად 10-დღიანი ვადა 29 ივლისს მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-ს პრეზიდენტი რუსეთს ახალ სანქციებს და რუსეთთან ვაჭრობაზე პარტნიორი ქვეყნებისათვის 100%-იან ტარიფებს დააწესებს.