Amnesty International: ამაღლობელის პროცესი მიკერძოებული და პროცედურული დარღვევებით იყო სავსე

Amnesty International: ამაღლობელის პროცესი მიკერძოებული და პროცედურული დარღვევებით იყო სავსე

Amnesty International, ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილის, დენის კრივოშეევის კომენტარს ავრცელებს, რომელიც ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.

იგი ამბობს, რომ ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიკერძოებული იყო და "პროცედურული დარღვევებით იყო სავსე."

კრივოშეევის თქმით, მნიშნველოვანია, სინდისის პატიმარმა მიიღოს სამართლიანი სასამართლო და ამასთანავე, გამოძიებულ უნდა იქნეს პოლიციელების მხირდან ამაღლობელის შეურაცხყოფისა და არასათანადო მოპყრობის საკითხი.

"მზია ამაღლობელი პოლიციის მხრიდან არაერთხელ შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა: მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეაფურთხეს, ფიზიკური ზიანი მიაყენეს და შემდეგ სამედიცინო დახმარებაზე უარი განუცხადეს. ეს პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლო პროცესის დროს აღიარეს, თუმცა დაუსჯელობა სუფევს.

"პროცესი სავსე იყო პროცედურული დარღვევებითა და მიკერძოებით, ხოლო სასამართლომ უარი თქვა დაცვის მხარის არგუმენტების დიდი ნაწილის დაკმაყოფილებაზე და პოლიციის თანამშრომლების მიერ არასათანადო მოპყრობის შესახებ სარწმუნო ბრალდებების გამოძიებაზე. მზია ამაღლობელმა უნდა მიიღოს სამართლიანი სასამართლო და შეურაცხყოფა, რომელიც მან განიცადა, დამოუკიდებლად უნდა იქნეს გამოძიებული, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სამართლიანობა", - წერია განცხადებაში.

მზია ამაღლობელს, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2-წლიანი პატიმრობა დღეს მიუსაჯა.

მან ჟურნალიტს წარდგენილი მუხლი გადაუკვალიფიცირა და მზია ამაღლობელი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნო დამნაშავედ, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ.