ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI Europe) ცნობით, 2023 წელს ევროპის აეროპორტებმა 2,3 მილიარდი მგზავრი მიიღეს, რაც 2022 წელთან შედარებით 19%-ით მეტია. ეს მაჩვენებელი პანდემიამდელ პერიოდს (2019) მხოლოდ 5,3%-ით ჩამორჩება.
ACI Europe-ის განცხადებით, აეროპორტების დიდი ნაწილი პანდემიამდელ მაჩვენებელს მიუახლოვდა, ან გააუმჯობესა, თუმცა კვლავ ბევრი რჩება, რომელიც ჩამორჩება, ეს კი, ძირითადად, გეოპოლიტიკურ საკითხებს უკავშირდება.
ACI Europe-ის თანახმად, 2023 წელს ყველაზე დატვირთული იყო ლონდონის ჰითროუს აეროპორტი, რომელმაც 79,2 მილიონი მგზავრი მიიღო. 2022 წელს პირველ ადგილს სტამბოლის აეროპორტი იკავებდა, რომელიც 2023-ში მე-2 ადგილზეა. აეროპორტი 76 მილიონ მგზავრს მოემსახურა.
რეიტინგში მესამეა პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტი, რომელმაც 2023 წელს 68,3 მილიონი მგზავრი მიიღო, მე-4 ადგილს კი ამსტერდამის Schiphol-ის აეროპორტი იკავებს 61,9 მილიონი მგზავრით.
მე-5 ადგილზე მადრიდის აეროპორტია, რომელიც გასულ წელს 60,2 მილიონი მგზავრი მიიღო.
ანგარიშში ასევე საუბარია რამდენიმე აეროპორტზე, რომლებმაც, მათი თქმით, მკვეთრი ზრდა განიცადეს. ამ სიაში მოხვდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიც, რომელმაც 2023 წელს, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, 91%-ით მეტი მგზავრი მიიღო.