ზურაბიშვილი: შობის ღამეს ერთად ვდგავართ, ესაა მთავარი განცდა, რაც გვაერთიანებს

ზურაბიშვილი: შობის ღამეს ერთად ვდგავართ, ესაა მთავარი განცდა, რაც გვაერთიანებს

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდა. მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მთავარი გამარჯვება ერთიანობაა და ესაა გამარჯვება რამაც საქართველო მოიყვანა დღემდე.

"ეს არის არაჩვეულებრივი ნიშანი იმისა, რომ საზოგადოება არის დაუმარცხებელი. 40 დღე არაფერი არაა, 80 დღეც არაფერი არაა, თუ შენ გჯერა, რომ ბოლოს არის გამარჯვება, მგონი, აქ ვინცაა შეკრებილი, ყველას აქვს ეს შინაგანი რწმენა (და დღეს არის რწმენის დღე), რომ ეს არის იმდენად მართალი საქმე და მიზანი, რომ არ შეიძლება, არ გავიმარჯვოთ და ეს ქვეყანა არ დავაბრუნოთ იქ, სადაც უნდა მიდიოდეს და ისე, როგორც უნდა ვითარდებოდეს. ეს ყველაფერი ჩვენ წინ არის და ამას მივაღწევთ, დარწმუნებული ვარ"- თქვა ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტებმა მას დასავლელი პარტნიორების მხრიდან ქართული ოცნების არაღიარებასა და ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე ჰკითხეს, რაზეც ზურაბიშვილმა უპასუხა:

"ეს 40 დღე ის კი არ არის, რომ ჩვენი პარტნიორები მხარს გვიჭერენ - კი, გვიჭერენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარია ის, რაც აქ ხდება, რუსთაველის გამზირზე. ესაა მთავარი გამარჯვება. რუსთაველის გამზირია ის ადგილი, რომელიც მოგვიტანს გამარჯვებას. დანარჩენი მნიშვნელოვანი და საჭიროა, მაგრამ მთავარი ესაა...

აქ დღეს ვდგავართ ერთად. შობა ღამეს ერთად ვდგავართ და მგონი, ესაა მთავარი განცდა, რაც გვაერთიანებს. ერთიანობა არის ის, რამაც საქართველო გადაარჩინა საუკუნეების მანძილზე. ეს თუ შევძელით, ასეთი გაერთიანება, არამხოლოდ დღესასწაულებზე, ყოველ დღე ამ 40 დღის მანძილზე და კიდევ რამდენიც საჭირო იქნება, ესაა გამარჯვება და ის, რამაც საქართველო მოიყვანა დღემდე"- თქვა ზურაბიშვილმა.