"შეწყალების უფლება ამ კონკრეტული შემთხვევაში შეზღუდულია კონკრეტული გარემოებებით, რომელთა გამოც მე მისი განხორციელება არ შემიძლია", - ასე პასუხობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ მედიასთან, LCI-სთან ინტერვიუში გააკეთა. მან აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაულები, თუმცა აღიარა, რომ მესამე პრეზიდენტის ირგვლივ განვითარებული პროცესები აზიანებს სახელმწიფოს იმიჯს და გამოსასწორებლად უნდა გადაიდგას ნაბიჯები.
"უპირველეს ყოვლისა მე არ გიპასუხებთ ამ კითხვაზე, რადგან მე პრინციპულად არ ვპასუხობ კითხვებს შეწყალების უფლების შესახებ. მე ვიღებ უამრავ მოთხოვნას საქართველოს მოქალაქეების მხრიდან შეწყალებაზე, ზოგიერთი მათგანი ცნობილია, ზოგიერთი არა და მე თუ დავიწყებ იმის ახსნას, რა მიზეზით ვაკეთებ ან არ ვაკეთებ ამას მაშინ შევალთ იმაში, რაც აღარ იქნება დისკრეციული უფლებამოსილება. ახსნის გარეშე მე შემიძლია ვთქვა, რომ შეწყალების უფლება ამ კონკრეტული შემთხვევაში შეზღუდულია კონკრეტული გარემოებებით, რომელთა გამოც მე მისი განხორციელება არ შემიძლია.
სამაგიეროდ, მე ვიზიარებ აზრს, რომ საჭიროა რომ პრეზიდენტი რომელიც ციხეშია, რომელმაც ჩაიდინა დანაშაულები, ის არაა უდანაშაულო, რომ ამ პრეზიდენტს ისე უნდა მოვექცეთ, როგორც ყოფილ პრეზიდენტს და შესაბამისად, მისი ჯანმრთელობა უნდა იყოს მოფრთხილების საგანი. არის სხვადასხვა შეთავაზება, რომ ჩამოვიდეს უცხოელი ექიმების ჯგუფი, ვისაც შეუძლიათ ჩამოსვლა - ეს ის საკითხია, რომელიც მე განვიხილე ხელისუფლებასთან, ვფიქრობ რომ ეს ძალიან კარგი იქნება, რათა გაიფანტოს ყველა ის ეჭვი, რაც შეიძლება არსებობდეს იმაზე, რომ მას მიზანმიმართულად არასათანადოდ ეპყრობიან. ახლა ამ დისკუსიაში ვართ, უნდა მივყვეთ ამ დისკუსიას და იმედი მაქვს რომ ეს დასასრულისკენ წავა, რადგან ეს არაა საქართველოს ინტერესებში, რომ ჰქონდეს ის იმიჯი, რომელიც ახლა თქვენ აღწერეთ ამ ქვეყანას, რომელიც ჩემი აზრით, არ შეესაბამება ამ სურათს... და შესაბამისად, საჭიროა გაკეთდეს ყველაფერი რაც საჭიროა, რათა თავიდან ავიცილოთ, უპირველეს ყოვლისა, რომ რამე დაემართოს პრეზიდენტს ციხეში, პრეზიდენტი ციხეში ეს მთელ მსოფლიოში ძალიან ხშირია, მაგრამ აუცილებელია, მას სწორად მოვექცეთ", - თქვა ზურაბიშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პირველია, ვინც ფიქრობს, რომ საჭიროა ყველა ზომის მიღება, "რათა არაფერი მოხდეს".
"ის არის კერძო კლინიკაში, ჩვენ კონტაქტზე ვართ ექიმებთან, ვინც მას მკურნალობენ. მას მე ზუსტი რიცხვი არ მახსოვს, 300-ზე მეტი ვიზიტი ჰქონდა ბოლო 1 წლის განმავლობაში. დედამისი იქაა მუდმივად და მისი მიღება შეუძლია. შემაშფოთებელია, რომ ამხელა წონა დაკარგა, შემაშფოთებელია, რომ ის შეიძლება ციხეში იყოს, მე არ ვფიქრობ, რომ საჭიროა დრამატიზება სხვა ზომების და კიდევ ერთხელ, მე პირველი ვარ ვინც ფიქრობს, რომ საჭიროა ყველა ზომა მივიღოთ, რათა არაფერი მოხდეს", - ამბობს ზურაბიშვილი.