
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, 26 დასავლური ქვეყანა მზად არის, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, უკრაინაში სამხედრო ძალები გაგზავნოს – „როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო და საჰაერო ძალები“.
მაკრონმა ეს განცხადება 35 ქვეყნის მონაწილეობით გამართული „მსურველთა კოალიციის“ სამიტის შემდეგ გააკეთა და რუსეთი დაადანაშაულა სამშვიდობო პროცესის გაჭიანურებაში, რათა დამატებითი ტერიტორიების დასაკავებლად დრო მოიგოს.
მისი თქმით, უახლოეს დღეებში უსაფრთხოების გარანტიების შესახებ აშშ-თან საბოლოო დეტალებზე მუშაობა დასრულდება.
„აშშ-მა ნათლად განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში მონაწილეობას მიიღებს“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.