
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაკავებული, ანუკი ჩრდილელი "ფრომულას" ეთერში ამბობს, რომ ექსპერტ, თამთა მეგრელიშვილს უჩივლებს.
მისივე თქმით, მეგრელიშვილმა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.
„არ ვიცი, რატომ ჰგონია მეგრელიშვილს, რომ მე სადღაც მიბმული ვარ ნაცებს, ან ქოცებს ან ვინმეს. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ასე ჰარი-ჰარალეზე ადვოკატმა ქალმა ისაუბროს, აუცილებლად ვუჩივლებ... გარდატეხის პერიოდში ნამდვილად მქონდა რაღაც პრობლემები და ამ პრობლემებზე პირველ რიგში ვისაც არ უნდა უნდოდეს ლაპარაკი ეს მამაჩემია, იმიტომ რომ თუ რაიმე პრობლემა მქონია, მქონია მისი მხრიდან... არანაირი ფსიქიკური პრობლემა მე არ მქონია და თუ ეს ასე საჯაროა, გამოვიტან ამის დასკვნას“ — ანუკი ჩრდილელი
ცნობისთვის, აქტივისტი ანუკი ჩრდილელი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, ოთარ ჩრილელის შვილია, რომელიც კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა.
ანუკი ჩრდილელი, 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე დაკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
ამის შემდეგ, ექსპერტმა თამთა მეგრელიშვილმა დაწერა, რომ „წლებია ოთარ ჩრდილელს ანუკი ჩრდილელის გადაწყვეტილებით არათუ მამაშვილური არამედ არანაირი კავშირი არ აქვს მასთან, მას წლებია თვალით არ უნახავს“. ასევე, ის აღნიშნავს, რომ „ანუკი ჩრდილელს მენტალური პრობლემები აქვს“ და ამ მდგომარეობას „პოლიტიკური მიზნებისთვის კარგად იყენებს ნაციონალური მოძრაობა“.