
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 7 არასამთავრობო ორგანიზაციის დაყადაღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
იგი ამბობს, რომ საქართველოში რუსული რეჟიმის ჩამოყალიბება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ხოლო ამასთან შეგუება, ქვეყნის "რუსეთისთვის ჩაბარებას ნიშნავს"
"არ შეიძლება, ყველას არ გვესმოდეს დღეს, რომ კიდევ ერთი ნაბიჯით ამ ხელისუფლებამ საქართველო წაიყვანა რუსულ მოდელზე და რუსული რეჟიმის ჩამოყალიბება გრძელდება ძალიან სწრაფი ტემპით.
ის, რაც ხდება დღეს არასამთავრობოების მიმართ და ის ბრალდებები, რაც არის წამოყენებული (სრულიად აბსურდამდე მისული, საბოტაჟი და რაღაცები, არც მინდა, რომ გავიმეორო, არის მხოლოდ და მხოლოდ, სწორედ რეპრესიული რეჟიმის ფორმა, რომელიც ვნახეთ ადრე რუსეთში. ერთადერთი ის არის, რომ საქართველოში ეს ყველაფერი ბევრად უფრო სწრაფად კიდევ ვითარდება, ვიდრე თავის დროზე რუსეთში.
ჩვენ ახლა შუაგულ ზაფხულში, ვხედავთ ამ შეტევას არასამთავრობოებზე, მეორე მხრივ, უკვე ცხრა თვის დაპატიმრების შემდგომ გადავდივართ დასკვნით პროცესებზე და აქაც მძიმე ბრალდებებით, სრულიად უსაფუძვლო, სრულიად აბსურდული, არანაირი არცერთი მხრივ მტკიცებულება არ არსებობს და თურმე ამას უნდა შევეგუოთ. მე მგონი, დღეს მოდის დრო საზოგადოებისთვის, რომ მივხვდეთ - შეგუება ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ქვეყანას ჩავაბარებთ რუსეთს და არა მგონია, საქართველო მზად იყოს იმისთვის, რომ ჩაბარდეს. მე ეს რომ მჯეროდეს, აქ არ ვიქნებოდი. მე მჯერა, რომ საქართველო არასოდეს არ ჩაბარდება.
მაგრამ ეს ჩქარი ტემპი ამავე დროს იყო რაღაცნაირად ეტაპობრივი, ხან პოლიტიკური ლიდერები დაიჭირეს, ხან აქტივისტები, ეხლა ენჯეოები, მერე ბიზნესებს მიმართეს და დაიწყო მათზე ასევე ზეწოლა, ეს არის ძალიან კარგად მოფიქრებული რუსული სტრატეგია, შესრულებული ამათ მიერ, ვიღაც-ვიღაცების მიერ, მაგრამ სტრატეგია სხვაგან არის გაწერილი და ჩვენ ამას ვეჭიდებით.
არ არის მარტივი - ჩვენ არ გვყავს ზურგში ძლიერი პარტნიორები ამ დროს, რაც არ უნდა ესე ლაპარაკობდნენ, რაღაცა ომის პარტიაზე, არ არსებობს ეს ომის პარტია, არსებობს საქართველო, მუდმივი საქართველო, რომელიც ებრძვის რუსეთს, როგორც არაერთხელ მის ახლო ისტორიაში და უნდა თავი დაიცვას, უნდა გადაარჩინოს თავისი დამოუკიდებლობა, ეს არის დღეს ჩვენი ამოცანა, ყველასი ერთად, საზოგადოების ერთად", - განაცხადა ზურაბიშვილმა
იგი მიმართავს იმ ოპოზიციურ პარტიებსაც, რომლებიც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას იღებენ და დასძინა, რომ ახლა მთავარი ამოცანა ქვეყნის მომავლის გადარჩენაა.
"აქ არ არის ლაპარაკი რომელიმე პოლიტიკურ პარტიაზე, ჩვენ ერთად ვებრძვით ამას და ჩვენ ერთად უნდა გადავარჩინოთ ჩვენი მომავალი. ამ დროს არ შეიძლება, რომ მე არ მივმართო იმ პარტიებს, რომლებიც დღეს თამაშობენ რაღაცა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, რაღაც კამპანიას. სად ვართ, სად არის ქვეყანა და სად არის რაღაც კამპანია, რომ ვინმე დავარწმუნოთ იმაში, რომ ადგილობრივი არჩევნები რამეს შეცვლის ან ვინმე რამეს მიაღწევს ამ არჩევნებში.
ჩვენი ამოცანა დღეს არის ნამდვილად ქვეყნის მომავლის ამოცანა, ქვეყნის მომავლის გადარჩენა, საქართველოს დამოუკიდებლობის გადარჩენა, ეს არის ჩემი გზავნილი ამ ზაფხულის დასასრულს", - თქვა მან.