ზურაბიშვილი "პოლიციის შესახებ" კანონზე: ეს არის პირდაპირ გზა, რომ ახალი ტიტუშკები აიყვანონ

ზურაბიშვილი "პოლიციის შესახებ" კანონზე: ეს არის პირდაპირ გზა, რომ ახალი ტიტუშკები აიყვანონ

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ე.წ. პოლიციის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გომელაურს ამ გზით შსს-ში "ტიტუშკები" აჰყავს.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კანონში დაგეგმილ ცვლილებები იმაზე მეტყველებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში რესურსები აღარ ჰყოფნით.

"კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც ძლიერი დარღვევაა ყველაფრის. საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილ ცვლილებეზე, რომ გამარტივდეს ახალი პერსონალის აყვანა, ისე, რომ არ მოეთხოვოს მათ დიპლომები, ეს უკვე, როგოროც ჩანს, წესი ხდება ამ ქვეყანაში, რომ დიპლომები ამ ქვეყანაში არავის არ სჭირდება, ეს არის პირდაპირ გზა, რომ აიყვანონ ახალი ტიტუშკები და ეს არის ნიშანი იმისა, რომ რესურსები აღარ ჰყოფნით, რაც ძალიან საინტერესო არის", - განაცხადა პრეზიდენტმა.

***

შინაგან საქმეთა მინისტრს უფლებამოსილება ექნება, პოლიციაში სამუშაოდ პირი სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე მიიღოს. შესაბამისი ცვლილებები პოლიციის შესახებ კანონში შედის. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ცვლილებების მიხედვით, შს მინისტრს შეეძლება, საკუთარი ბრძანებით, კონკურსის გარეშე პოლიციაში მიღების წესი და პირობებიც განსაზღვროს. დღეს მოქმედი კანონით, პოლიციაში სამუშაოდ პირი მიღებული უნდა იყოს სპეციალური კონკურსის გავლის შედეგად.

"2025 წლის 1-ელი იანვრიდან სამხედრო სამსახური მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში იარსებებს. შესაბამისად, გასამხედროებული დანაყოფების საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, საჭიროა, პოლიციაში სამსახურის მიღების გარკვეული წესები მოდიფიცირდეს და პოლიციაში არსებულ პოზიციებზე, მათი სპეციფიკის გათვალისწინებით, მიღების განსხვავებული წესები დადგინდეს" – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

პარლამენტს აღნიშნული ცვლილებები იმ საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში წარედგინა, რომელიც პიროტექნიკის შემოტანა-რეალიზაციასთან დაკავშირებულ რეგულაციებს ეხება.