საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პია კაუმას მიერ საქართველოში ვიზიტის გაუქმებას "გონივრულ გადაწყვეტილებას" უწოდებს.
სალომე ზურაბიშვილი ამ გადაწყვეტილებას X-ზე განცხადებით ეხმაურება.
"ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პია კაუმას მიერ საქართველოში ვიზიტის გადადება ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა. ქართველი ხალხი აფასებს იმას, რომ ითვალისწინებთ ქართული დემოკრატიის იმედებსა და შეშფოთებებს.ეუთო გვჭირდება იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე. და ახალი არჩევნები!", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
Very wise decision of @OSCEPA President @PiaKauma to postpone the visit to Georgia. The Georgian people do appreciate your taking into account the concerns and hopes of Georgian democracy. We need OSCE more than ever! And new elections! https://t.co/LvDdazhflj
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ საქართველოში ვიზიტი გააუქმა.
"დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ, გადავწყვიტე გადავდო ჩემი ვიზიტი საქართველოში იმ დრომდე, ვიდრე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა მეტად ეფექტური იქნება. ჩვენ მზად ვართ, მოვუსმინოთ ყველა ხმას და შევთავაზოთ დახმარება ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში", - დაწერა მან.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პია კაუმას დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 8-10 იანვარს იყო დაგეგმილი.
მას შემდეგ, რაც ვიზიტის შესახებ გახდა ცნობილი, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ოპოზიციურმა კოალიციებმა, ასევე საერთაშორისო პარტნიორებმა პია კაუმას მიმართეს და ვიზიტის გადადება სთხოვეს.
3 ოპოზიციური კოალიცია აცხადებდა, რომ ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ვიზიტის გადადება საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, ვიდრე რეჟიმი არ აიღებს ვალდებულებას ახალი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართ.
ამასთან, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ ჯო უილსონმაც მოუწოდა, რომ ამ ეტაპზე თბილისში არ ჩავიდეს.