ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორი, გულნოსა საიდი აცხადებს, რომ მზია ამაღლობელის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ის მოუწოდებს შესაბამის პირებს, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ამაღლობელი და საჭირო, აუცილებელი სამედიცინო დახმარება გაუწიონ.
საიდის თქმითვე, მისი პატიმრობაში ყოფნა პრესის თავისუფლების ძალიან სერიოზული დარღვევაა.
"პირველ რიგში, ის, რომ [მზია] პატიმრობაში იმყოფება პრესის თავისუფლების ძალიან სერიოზული დარღვევაა. ჩვენ ძალიან გვაშფოთებს მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის მდგომარეობა შიმშილობის გამო, რომელსაც ის ახლა მიმართავს. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, შიმშილობა ერთადერთი გზაა, იმ მოპყრობის გასაპროტესტებლად, რომელსაც ის იღებს. ეს აშკარად პოლიტიკური და პოლიტიზებული საქმეა.
ის მიზანში ნამდვილად თავისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო ჰყავთ ამოღებული. ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ მაღალჩინოსნებს, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ის და საჭირო, აუცილებელი სამედიცინო დახმარება გაუწიონ"- აცხადებს საიდი.
რაც შეეხება შეკითხვას ამაღლობელის საქმის პოლიტიკური მოტივების შესახებ, საიდი პასუხობს:
ჩვენ, "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტში" არ გვაქვს მეთოდოლოგია, რომლითაც განვსაზღვრავთ არის თუ არა ვინმე პოლიტპატიმარი. მაგრამ თუ გადახედავთ სხვა უფლებადამცველ ორგანიზაციებს, როდესაც საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ანუ პირი არის მიზანმიმართულად სამიზნეში ამოღებული თავისუფლების აღკვეთით, დაპატიმრებით ან სხვა უსამართლო მოპყრობით მათი, როგორც ჟურნალისტის, როგორც აქტივისტის, ან უფლებადამცველის საქმიანობის გამო- მაშინ ეს არის პოლიტიკური საქმე და ისინი პოლიტპატიმრები არიან.
ასე რომ, ბევრი ორგანიზაციის მიხედვით, მზია არის [პოლიტპატიმარი]. ბევრი ორგანიზაციაა, მათ შორის, "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი", რომლებიც თვლიან, რომ ეს საქმე პოლიტიზირებულია და ის მიზანში ჰყავთ ამოღებული, გამორჩეული ჰყავთ თავისი და მისი კოლეგების ჟურნალისტური საქმიანობის გამო".
გარდა ამისა, საიდი საუბრობს საქართველოში არსებულ მედიაგარემოზე და აღნიშნავს, რომ მათ დაფიქსირებული აქვთ შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტებს უსამართლოდ ექცეოდნენ, ან აპატიმრებდნენ პროტესტების დროს.
"საქართველო ცნობილია საკმაოდ ბევრი საპროტესტო აქციით. ზოგადად, ქართველები და ქართული სამოქალაქო საზოგადოება ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია. ამიტომაც, როდესაც პირველად წარადგინეს ე.წ "უცხოეთის აგენტების კანონი", საზოგადოების წნეხის გამო უკან გაიწვიეს, თუმცა, შემდეგ როგორღაც მოახერხეს და ის გაიტანეს პარლამენტში.
მზიას და სხვა ჟურნალისტების შემთხვევები, რომლებიც მიზანში თავიანთი საქმიანობის გამო ამოიღეს და უსამართლოდ ექცევიან, აჩვენებს, რომ პრესის თავისუფლება საქართველოში ნათლად უკან მიდის. მთავრობის პოლიტიკაზე დაკვირვება, იმის ნახვა, როგორ დისტანცირდებიან ისინი ევროკავშირისგან, იმისგან რაც აქამდე მათი ქვეყნის მთავარი მიზანი იყო და რასაც ქართველების უმეტესობა მხარს უჭერს, იმის ნახვა, როგორ ხშირად არღვევენ პრესის თავისუფლებას და ზოგად ადამიანის უფლებებს, ძალიან სევდისმომგვრელია. განსაკუთრებით, ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელიც წლებია პრესის თავისუფლების მიმართულებით მუშაობს.
აქამდე ჩვენ საქართველოზე, როგორც რეგიონში სინათლის სხივზე და ჟურნალისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაზე ვსაუბრობდით. ყოველ ჯერზე, როდესაც საქართველოში ჟურნალისტებს ვესაუბრები, ვხედავ, რომ ისინი პროფესიონალები არიან, რომლებიც იმავე სტანდარტებით მუშაობენ, რითიც დასავლური მედია გამოცემები. ვისურვებდი, რომ ეს საქართველოში გაგრძელდეს. თუმცა, ახლა სერიოზულად გვაშფოთებს, რომ ეს ასე აღარ იქნება"- განაცხადა საიდმა.
ნეტგაზეთისა და ბათუმელების ხელმძღვანელი მე-18 დღეა ციხეში შიმშილობს.
***
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
16 იანვარს სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და პროტესტის მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს.
მას პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.