უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში დღემდე, სულ მცირე, 21 000 ვაგნერის მებრძოლია დაღუპული. მისივე თქმით, 80 000-ზე მეტი ვაგნერელი დაჭრილია. ამის შესახებ მან ესპანეთის პრემიერმინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ზელენსკიმ თქვა, რომ კერძო სამხედრო კომპანიამ "უზარმაზარი ზარალი" განიცადა, განსაკუთრებით აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც მისი "ყველაზე ძლიერი ჯგუფი" იბრძოდა.
"ეს უზარმაზარი დანაკარგი იყო მათთვის", - განაცხადა ზელენსკიმ და კერძო სამხედრო კომპანიის მებრძოლები "რუსული არმიის მოტივირებულ პერსონალად" დაახასიათა, რომლებსაც "დასაკარგი არაფერი ჰქონდათ".
ომის დაწყების შემდეგ, ვაგნერის მებრძოლები უკრაინაში რუსეთის არმიის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად იქცნენ - თვეების განმავლობაში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა ბახმუტში, რის ფონზეც, ვაგნერის ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა არაერთხელ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მკვეთრად აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს.
ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ღია კონფლიქტი რამდენიმე თვეა გრძელდებოდა, ხოლო 24 ივნისს პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.
მოგვიანებით, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა და ის ბელარუსში გაემგზავრა.