უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევი რუსეთს დღევანდელ მასიურ საჰაერო იერიშზე უპასუხებს.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ის ამ საკითხზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურს, ალექსანდრ სირსკის უკვე ესაუბრა.
"დღეს შეიარაღებული ძალების მეთაურთან, ალექსანდრ სირსკისთან ხანგრძლივი საუბარი მქონდა ამ საკითხზე - განვიხილეთ ჩვენი პასუხი რუსეთს - მას ვამზადებთ. ჩვენს ქმედებებს რუსეთის გარკვეულ რაიონებში ვაგრძელებთ, ვაგრძელებთ ისე, როგორც უკრაინას სჭირდება. ბოლო 24 საათში უფრო მეტი კონტროლი გვაქვს, ასევე მორიგ ჯერზე გაიზარდა ტყვეების გაცვლითი ფონდი", - თქვა ზელენსკიმ.
***
26 აგვისტოს დილას, უკრაინის ყველა რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. აფეთქებების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ ოდესის, დნეპროპეტროვსკის, ვოლინის, ივანო-ფრანკოვის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკისა და ლვოვის სამხედრო ადმინისტრაციები. დედაქალაქში ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ადასტურებს.
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დღეს 236 საჰაერო თავდასხმის იარაღი გამოიყენა. უკრაინის ანტისაჰაერო თავდაცვამ 102 რაკეტა და 99 დრონი გაანადგურა. თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 47 კი დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვია.