ზელენსკის თქმით, კურსკის რეგიონში ჩატარებულმა ოპერაციამ სუმის ოკუპაციის მცდელობები აღკვეთა

ზელენსკის თქმით, კურსკის რეგიონში ჩატარებულმა ოპერაციამ სუმის ოკუპაციის მცდელობები აღკვეთა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კურსკის რეგიონში ჩატარებულმა ოპერაციამ სუმის ოკუპაციის მცდელობები აღკვეთა.

ზელენსკი უკრაინის ოპერაციას კურსკში დადებითად აფასებს. მისი თქმით, საბრძოლო მოქმედებები რთულ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა ყველაფერი ოფიციალური კიევის გეგმის მიხედვით ვითარდება.

"ოპერაციის რამდენიმე შედეგი გვაქვს - ყველაზე ვერ ვისაუბრებ. პირველ რიგში ტყვეების გაცვლის ფონდი. ამაზე ღიად შემიძლია საუბარი. ფონდი ივსება და ეს პოზიტიური ამბავია. მეორე ამბავი - ოპერაციამ რუსეთის ქმედებები ჩრდილოეთ ნაწილში შეაჩერა. ჩვენ აღვკვეთეთ სუმის ოლქის ოკუპაცია", - თქვა ზელენსკიმ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

***

პირველი ცალკეული შეტყობინებები იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში გადავიდნენ 6 აგვისტოს გაჩნდა.

კურსკის ოლქის ხელმძღვანელმა ალექსეი სმირნოვმა 7 აგვისტოს დილით განაცხადა, რომ რეგიონი "გმირულად ეწინააღმდეგება უკრაინელ ნაცისტებს".

6 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სასაზღვრო რაიონის დასახლებებს ნიკოლაევო-დარინოსა და ოლეშნიას უკრაინის შეიარაღებული ძალების 300 სამხედრო დაესხა თავს, 11 ტანკისა და 20-მდე სამხედრო მანქანის დახმარებით. უწყებაში განაცხადეს, რომ ბრძოლების შედეგად უკრაინის 16 ერთეული ჯავშანტექნიკა გაანადგურეს. ამავე დღეს საღამოს კი სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინულმა დანაყოფმა, რომელიც კურსკის ოლქში შეჭრას ცდილობდა, უკან დაიხია. მოგვიანებით ეს განცხადება წაიშალა.

უკვე 7 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით რუსმა სამხედროებმა უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურებთან ერთად "განაგრძეს უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების განადგურება, რომლებიც უშუალოდ რუსეთი-უკრაინის საზღვარზე მიმდებარედ იყვნენ".

12 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში დაახლოებით 20-ზე მეტი კადიროველი ტყვედ აიყვანეს.

19 აგვისტოს ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში უკვე 1 250 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიას და 92 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ.