უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავდიივკაში შეიარაღებული ძალების პოზიციები მოინახულა, სადაც ახლა ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაცია ზელენსკის ტელეგრამარხზე გამოჩნდა.
ზელენსკიმ 110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ჯარისკაცებს ჯილდოები გადასცა. მისი თქმით, ვიზიტის დროს მეთაურთან "თავდაცვითი სიტუაცია" და "ძირითადი საჭიროებები" განიხილა. ზელენსკიმ ავდიივკას "ფრონტის ერთ-ერთი ყველაზე რთული სექტორი" უწოდა.
ზელენსკის გარდა ავდიივკაში პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკიც ჩავიდა. მისი თქმით, რუსული არმია ქალაქ მუდმივი დარტყმებით ანადგურებს.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები ფრონტის ხაზზე არაერთხელ მოინახულა. უკრაინის პრეზიდენტი ბახმუტთან, იზიუმთან და ხერსონთან იმყოფებოდა.
რუსეთის არმიამ ოქტომბრის დასაწყისში დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკაზე მასიური იერიში დაიწყო, რომელიც უკრაინის არმიის კონტროლის ქვეშაა.