
აშშ-ის და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ამერიკულ მხარეს ესმის მათი არგუმენტები და ეთანხმება უკრაინის შეთავაზებებს. მან პრეზიდენტ დონალდ ტრამპს "შეხვედრის კონსტრუქციულობისთვის" მადლობა გადაუხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა თანხმდება აშშ-ის შეთავაზებას, სრულად შეწყდეს ცეცხლი 30 დღით ფრონტის მთელ ხაზზე და ამბობს, რომ "აშშ-მა უნდა დაარწმუნოს რუსეთი, ეს გააკეთოს".
"ჩვენი შეთავაზება ამერიკელებთან შეხვედრაზე იყო სამი რამ: სიჩუმე ცაში - რაკეტები, ბომბები, დრონები, სიჩუმე ზღვაში და რეალური ზომები ნდობის დასამყარებლად, პირველ რიგში - ტყვეების გათავისუფლება. ამერიკულ მხარეს ესმის ჩვენი არგუმენტები და ეთანხმება შეთავაზებას, მადლობა პრეზიდენტ ტრამპს შეხვედრის კონსტრუქციულობისთვის. დღეს აშშ-მა წარმოადგინა კიდევ უფრო ფართო შეთავაზება, რომ ვცადოთ ცეცხლის სრულად შეწყვეტა 30 დღით, არა მხოლოდ რაკეტების, დრონების და ბომბების, არა მხოლოდ შავ ზღვაში, არამედ ფრონტის მთელ ხაზზე.
უკრაინა იღებს ამ წინადადებას, მას პოზიტიურად მივიჩნევთ, მზად ვართ ამ ნაბიჯისთვის. აშშ-მა უნდა დაარწმუნოს რუსეთი, ეს გააკეთოს. ჩვენ თანახმა ვართ და თუ რუსეთიც დათანხმდება - ამ მომენტში სიჩუმე იმუშავებს. დღევანდელი საუბრის მნიშვნელოვანი ელემენტია აშშ-ის მზაობა, განაგრძოს უკრაინის თავდაცვისთვის დახმარება, სადაზვერვო მონაცემების ჩათვლით. უკრაინა მზად არის მშვიდობისთვის. რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების მზაობა, ან განაგრძოს ომი. სრული სიმართლის დროა. მადლობა ყველას, ვინც უკრაინას ეხმარება", - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.
***
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინა მზად არის, დათანხმდეს 30 დღით დაუყოვნებლივ დროებით ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებას ამერიკის შეერთებული შტატებისგან.
ამასთან, აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გაზიარებას და სამხედრო დახმარების მიწოდებას.
"უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ის წინადადება დაუყოვნებლივი, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით და რომელიც ექვემდებარება რუსეთის მიერ მიღებას და ერთდროულად განხორციელებას.
აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას და განაახლებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას", - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც მხარეებმა მოლაპარაკების შემდეგ გაავრცელეს.
დღეს, 11 მარტს უკრაინის დელეგაცია ჩავიდა ჯიდაში აშშ-ის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებისთვის.
მოლაპარაკებებში ორივე მხრიდან გავლენიანი პირები მონაწილეობენ. ამერიკული დელეგაციას ხელმძღვანელობს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი, თუმცა The Economist წერდა, რომ ცენტრალური როლი შესაძლოა დონალდ ტრამპის ნდობით აღჭურვილმა პირმა, სტივ უიტკოფმა ითამაშოს, რომელიც ცოტა ხნის წინ ვლადიმირ პუტინს შეხვდა.
უკრაინის მხრიდან მოლაპარაკებებს ანდრეი ერმაკი ხელმძღვანელობს, რომელიც ვლადიმირ ზელენსკის მთავარი მრჩეველია. მასთან ერთად დელეგაციაში იქნებიან საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და სამხედრო მრჩეველი პავლო პალისა.