ზელენსკი: რუსეთი მსოფლიოს სამშვიდობო ძალისხმევას დასცინის

ზელენსკი: რუსეთი მსოფლიოს სამშვიდობო ძალისხმევას დასცინის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე დნიპროსა და სხვა ქალაქებზე რუსული თავდასხმის ფაქტებს გამოეხმაურა.

ზელენსკის თქმით, მთელი ღამის განმავლობაში, რუსეთი უკრაინას 170-ზე მეტი დრონით უტევდა, მათ შორის იყო 100-ზე მეტი შაჰიდი.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ მასობრივი თავდასხმის სამიზნე დნიპროს, კიევის, სუმის, ხარკივისა და ხმელნიცკის რეგიონები იყო.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი მსოფლიოს სამშვიდობო ძალისხმევას დასცინის და ის რეალურ ზეწოლას ჯერ კიდევ არ განიცდის.

"ჩვენი ურყევი მადლიერება ყველას, ვინც ასეთი დარტყმების შემდეგ ადგილზე ადამიანებს უწევს სამედიცინო დახმარებასა და ასუფთავებს ნანგრევებს.

რუსეთი დასცინის მსოფლიოს სამშვიდობო ძალისხმევას - აჭიანურებს ომს და ახორციელებს ამ ტერორისტულ აქტებს, რადგან ის ჯერ კიდევ არ განიცდის რეალურ ზეწოლას. დიპლომატიას შეუძლია იმუშაოს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა მხარს უჭერს ქმედებებს, რომლებიც აძლიერებს ჩვენს მეომრებსა და ართმევს ოკუპანტებს ომის წარმოებისთვის რესურსებს. ჩვენმა პარტნიორებმა იციან, რა სახის ზეწოლას შეუძლია ეს და დამოკიდებულია ამერიკაზე, ევროპასა და მსოფლიოში ყველაზე, ვისაც ეფექტური დიპლომატია სურს", - წერს ზელენსკი.

28 მარტის საღამოს რუსეთმა უკრაინის ქალაქ დნიპროს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 21 კი დაშავდა.

დრონებით შეტევისას რამდენიმე მრავალსართულიანი შენობა დაზიანდა. ცეცხლი კერძო საცხოვრებელ სახლებს, ავტოფარეხებს, სერვის სადგურებსა, სასტუმრო-რესტორნის კომპლექსს გაუჩნდა.

მისივე თქმით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ოლქის გუბერნატორის ცნობით, ერთ-ერთი დაშავებული 27 წლის ორსული ქალია. ასევე, დაშავებულებიდან ორი 69 წლის კაცი და ქალი არიან, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში არიან.