დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ალასკაზე გაემგზავრა

დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ალასკაზე გაემგზავრა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ალასკაზე გაემგზავრა. მისი თვითმფრინავი Air Force One ენდრიუსის გაერთიანებული ბაზიდან ალასკისკენ უკვე გაფრინდა.

ალასკაში გამგზავრებამდე დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ The Truth Social-ზე დაწერა: "ფსონები მაღალია!".

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, თბილისის დროით, 23:30 საათზე, ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში, ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე გაიმართება.

კრემლის თანახმად, შეხვედრა დაიწყება პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრით, თარჯიმნების მონაწილეობით, ამის შემდეგ - მოლაპარაკება გაგრძელდება სამუშაო საუზმის ფორმატით, რომელშიც პრეზიდენტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ორივე მხრიდან 5-5 წარმომადგენელი.

რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი - სერგეი ლავროვი, თავდაცვის მინისტრი - ანდრეი ბელოუსოვი და ფინანსთა მინისტრი - ანტონ სილუანოვი, ასევე სპეციალური წარმომადგენელი უცხოეთის ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში კირილ დმიტრიევი.

რაც შეეხება აშშ-ს, თეთრი სახლის თანახმად, მათ ეყოლებათ 16-კაციანი დელეგაცია, მათ შორის კი იქნებიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი სკოტ ბესენტი, CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი, თეთრი სახლის პრესმდივანი კეროლაინ ლევიტი და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.

სამიტზე, რომელზეც, კრემლის თანახმად, დღის წესრიგის "ცენტრალური თემა იქნება უკრაინის კრიზისის დარეგულირება", არ იქნება წარმოდგენილი უკრაინის დელეგაცია. თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, შეხვედრის დასრულებისთანავე ის სატელეფონო საუბარს გამართავს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

14 აგვისტოს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის წარუმატებლობის შანსი 25%-ია. მისი თქმით, შეხვედრის მთავარი მიზანია მეორე, უკვე სამმხრივი მოლაპარაკებისთვის საფუძვლის შექმნა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რათა დასრულდეს ხანგრძლივი ომი.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა არ გამორიცხა რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესება, თუ შეხვედრა შედეგს ვერ მოიტანს.