უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყველაზე მძიმე მდგომარეობა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში რჩება, მაგრამ მტერი ქალაქს არ აკონტროლებს.
"ყველაზე რთული ვითარება ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, არის ზუსტად იქ [ბახმუტში]. სწორედ იქ იყენებენ იარაღს ყველაზე დიდი რაოდენობით. ძალიან, ძალიან რთული ამბავია.
ბახმუტის ზოგიერთ ნაწილში წარმატება გვაქვს - წინ მივდივართ, შემდეგ არა, ისევ ვიხევთ უკან პოზიციებზე. ეს ხდება ყოველდღიურად, მაგრამ ჩვენ ბახმუტში ვართ და მტერი ბახმუტს არ აკონტროლებს. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, ბახმუტში ვითარებას უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ოლექსანდრ სირსკი აკონტროლებს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ სირსკისთვის მთავარი სამხედრო პერსონალის შენარჩუნებაა.
დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი კვლავ ერთ-ერთ ყველაზე ცხელ ზონად რჩება. ამასთან, ბახმუტის გარდა, საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში მარინკაც იმყოფება. ყოველდღიურად, უკრაინის თავდაცვის ძალები ამ ტერიტორიაზე მტრის ათეულობით თავდასხმას იგერიებენ.