უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი არგენტინაში უნგრეთის პრემიერმინისტრთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრაზე საუბრობს. ზელენსკი ამბობს, რომ ეს სპეციალურად დაგეგმილი არ ყოფილა, თუმცა ადასტურებს, რომ მათ შორის დიალოგი შედგა.
მისი თქმით, ორბანს სთხოვა, დაესახელებინა ერთი მიზეზი მაინც, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას არ იმსახურებს.
"ვთხოვე, ერთი მიზეზი მაინც მოეყვანა, არა სამი, არა ხუთი, არა ათი, არამედ, მხოლოდ ერთი მიზეზი და ველოდები პასუხს", - თქვა ზელენსკიმ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ორბანს განუცხადა, რომ მას არ აქვს საფუძველი, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება დაბლოკოს.
"ვფიქრობ, რომ სახელმწიფოებთან კონსტრუქციული შეხვედრა უნდა მოვაწყოთ, რადგან ჩვენ საერთო საზღვრები გვაქვს, მეზობლები ვართ და უნდა ვისაუბროთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დავსვი, სწორედ ის იყო, რომ უნდა ვისაუბროთ, უნდა გადავჭრათ პრობლემები. ამისთვის შევხედრა უნდა გავმართოთ. მე მას ამ იდეის მიმართ ჩემი პოზიტიური დამოკიდებულება ვაჩვენე", - აცხადებს ზელენსკი.
ზელენსკისა და ორბანს შორის დიალოგი არგენტინაში, პრეზიდენტის ინაუგურაციაზე შედგა.