
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ევროკავშირის სამიტის ფარგლებში ხვდება. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
შეხვედრაზე პრეზიდენტებმა უკრაინის შესახებ სამომავლო გეგმებსა და იდეებზე ისაუბრეს.
მანამდე, ზელენსკი ბელგიის პრემიერმინისტრს, ბარტ დე უივერს შეხვდა და აღნიშნა, რომ მათ სამშვიდობო გეგმა, თავდაცვის საჭირობები და უკრაინის ევროინტეგრაციის საკითხი განიხილეს.
"ბრიუსელში ბელგიის პრემიერმინისტრ ბარტ დე უივერს შევხვდი. მადლობა გადავუხადე მთავრობას და ყველა ბელგიელს მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემის გადაწყვეტილების გამო. ჩვენ ვაფასებთ ამ მტკიცე ნაბიჯებს უკრაინელების სიცოცხლის დასაცავად.
მე ვაცნობე პრემიერმინსიტრს სამართლიანი მშვიდობის დაახლოების ევროპული გეგმის მომზადების შესახებ და მოვიწვიე გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენი მოლაპარაკებების დროს, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ თავდაცვის საჭიროებებზე, პირველ რიგში, საარტილერიო სისტემებისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაზე, ასევე ინვესტიციებზე უკრაინის შიდა დისტანციური თვითმფრინავების და რაკეტების წარმოებაში. ამ სისტემებმა უკვე დაამტკიცა თავისი ეფექტურობა ფრონტის ხაზზე და ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამ უპირატესობის გასაძლიერებლად. ჩვენ ასევე განვიხილეთ უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაცია.
მადლობელი ვარ ბელგიის უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერისთვის", - წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.