უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს ტელეფონით ესაუბრა და ფინანსური დახმარების პაკეტის სწრაფი დამტკიცებისკენ მოუწოდა.
"ვესაუბრე შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს იმის შესახებ, რა არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სიცოცხლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების დასაცავად. მივაწოდე ინფორმაცია ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების, ჩვენს ქალაქებზე რუსული დარტყმების გაგრძელების შესახებ. მათი ტერორი მხოლოდ იზრდება და მისი შეჩერება მხოლოდ ჩვენი თავდაცვის ფიზიკური ძალებით არის შესაძლებელი.
უკრაინა მადლობელია შეერთებული შტატებისა და ყველა იმ ამერიკელი მხარდამჭერის, ვინც ჩვენს მსგავსად ფიქრობს, რომ თავისუფლება არასდროს უნდა დამარცხდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონგრესმა შეინარჩუნოს თავისი ლიდერობა, რომ თავისუფლების დაცვა გამაერთიანებელ იდეად დარჩეს. ჩვენი გადაწყვეტილებები, ჩვენი ერთობლივი ქმედებები ახლა განსაზღვრავს, როგორ მსოფლიოს მიიღებენ მემკვიდრეობით ჩვენი შვილები", - აცხადებს ზელენსკი.
ოქტომბერში ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს თხოვნით მიმართა, უკრაინის, ისრაელისა და შტატების საზღვრის უსაფრთხოების გეგმის დასაფინანსებლად 106 მილიარდი დოლარის გამოყოფასთან დაკავშირებით. ინიციატივა წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო შეჩერდა.
ამასთან, ცნობილია, რომ 4 დეკემბერს, თეთრი სახლის მართვისა და ბიუჯეტის ოფისის დირექტორმა კონგრესს მიმართვა გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ თუ კონგრესი არ იმოქმედებს, ვაშინგტონს უკრაინის დახმარებისთვის საჭირო სახსრები წლის ბოლოსთვის ამოეწურება.