უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში გაემგზავრება, რათა დიდი შვიდეულის სამიტს პირადად დაესწროს. ინფორმაციას Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
Bloomberg-ი წერს, რომ ზელენსკი იაპონიაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო თვითმფრინავით გაემგზავრება, მანამდე კი ის საუდის არაბეთში ჩავა, სადაც არაბული სახელმწიფოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
მანამდე, იაპონიის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ ზელენსკი სამიტში მონაწილეობას ვირტუალურად მიიღებს, მიუხედავად იმისა, რომ კვირას, 21 მაისს, სამიტს უკრაინის სესია დაემატა.
იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში დიდი შვიდეულის სამიტი დღეს დაიწყება. სამიტის ფარგლებში წევრი ქვეყნის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ განაცხადებენ.