
"ოცნების" სასამართლომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ამ მომენტისთვის, ბაჩიაშვილის დედა, მარინა რამაზაშვილი და მამა, ალექსანდრე ბაჩიაშვილი საქართველოში არ იმყოფებიან.
მათ ბრალდება დაუსწრებლად წარედგინათ.
ცნობისთვის, გუშინ პროკურატურამ განაცხადა, რომ ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
უწყება ამტკიცებს, ბაჩიაშვილმა ივანიშვილისგან მითვისებული 8 986.8675 ბიტკოინისთვის კანონიერი სახის მისაცემად ბიზნესმენმა საქმიანობაში თავისი მშობლები ჩართო.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივების ნაწილისათვის კანონიერი სახის მისაცემად აუცილებელ მოქმედებებში გიორგი ბაჩიაშვილმა საკუთარი მშობლებიც ჩართო. კერძოდ, ა.ბ.-ს და მ.რ.-ს ხელშეწყობით და დახმარებით, საზღვარგარეთიდან საქართველოს იურისდიქციაში თანხების/აქტივების გადმოტანის ოპერაციებით, საკუთარ, ასევე გიორგი ბაჩიაშვილის კონტროლირებად ანგარიშებზე აკუმულირებითა და სხვა აქტივებთან შერევით, ქონებების შეძენით, შემდგომი რეალიზაციით და შედეგად მიღებული თანხების გიორგი ბაჩიაშვილის კონტროლირებად ანგარიშებზე გადატანით და საბოლოდ განთავსების, განცალკევების და ინტეგრაციისათვის ხელის შეწყობის ქმედებებით, უკანონო აქტივები აკუმულირდებოდა ფინანსურ სისტემაში და ერთვებოდა სხვადასხვა სახის ურთიერთობაში. ხდებოდა ამ აქტივების ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობისა და საკუთრების უფლებების დამალვა და შენიღბვა", - აცხადებს პროკურატურა.
უწყების განცხადებით, ამ გზით ბაჩიაშვილმა 2017-2023 წლებში 2 944 957 დოლარის და 1 097 187 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახერხა.