ზელენსკი დამოუკიდებლობის დღეს: უკრაინა აღარ არის მსხვერპლი - უკრაინა მებრძოლია

ზელენსკი დამოუკიდებლობის დღეს: უკრაინა აღარ არის მსხვერპლი - უკრაინა მებრძოლია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიმართვაში განაცხადა, რომ ქვეყნის მთავარი მიზანი სამართლიანი მშვიდობის მიღწევაა და უკრაინა არასოდეს დათანხმდება „სირცხვილზე, რომელსაც რუსები კომპრომისს ეძახიან“.

„ჩვენ 1278 დღეა ვიბრძვით დამოუკიდებლობისთვის. უკრაინა აღარ არის მსხვერპლი - უკრაინა მებრძოლია. ჩვენ არ ვთხოვთ, ჩვენ ვთავაზობთ - ძლიერ კავშირს, საუკეთესო არმიას ევროპაში, ინოვაციურ ტექნოლოგიებს და გამოცდილებას,“ - განაცხადა ზელენსკიმ კიევის მაიდანზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, დამოუკიდებლობის სიმბოლო უკრაინის ქალაქებს შორის მანძილზე მითითებული ნიშნებიცაა, რომლებიც დღეს მხოლოდ კილომეტრებზე აღარ მიუთითებენ: „ეს გვახსენებს, რომ დონეცკი, ლუგანსკი და ყირიმი უკრაინის ნაწილია. დროებით ოკუპაცია ამას ვერ შეცვლის. ერთ დღეს ეს მანძილი გაქრება და ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით, როგორც ერთი ქვეყანა.“

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა უკრაინის გამძლეობასა და ბრძოლისუნარიანობას: „ჩვენ შევაჩერეთ მსოფლიოს მეორე არმია. ეს ანგრევს მითს რუსეთის უძლეველობის შესახებ. უკრაინა უფრო ძლიერი გახდა და აღარ ელოდება ჟესტებს - მას საკუთარი ნება აქვს.“

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ახლა აღიქმება ძლიერ პარტნიორად: „დღეს უკრაინა არ არის ღარიბი ნათესავი, უკრაინა არის ძლიერი მოკავშირე. ჩვენი ესმით და ჩვენ ანგარიშს გვიწევენ. ჩვენი ადგილი მოლაპარაკების მაგიდასთანაა.“

მიმართვის ბოლოს ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს მადლობა გადაუხადა ბრძოლისთვის და დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო: „ამოიწურა ისტორიული წრე, როცა ყოველი თაობა იძულებული იყო თავიდან დაეცვა თავისუფლება. ჩვენ უნდა გადავცეთ შვილებსა და შვილიშვილებს ძლიერი, ევროპული და დამოუკიდებელი უკრაინა"