
თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ კიდევ 5 პირს - ექა მაჭავარიანს, ვახო ფიცხელაურს, მანუჩარ მიქელაძეს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, სერგო მეგრელიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
პროკურატურამ ბრალდებულებისთვის პატიმრობა შეფარდება მოითხოვა, მიზეზად - მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე დაასახელა.
ბრალდებულებს ბრალი ორი მუხლით აქვთ წარდგენილი - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად.
პროკურორის თქმით, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით 6 ოქტომბერს დაკავებული 13 პირის საქმე - გაერთიანებულად განიხილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ - გიორგი რურუას, კახაბერ მჟავანაძეს, დავით ჟღენსტა და ალექსანდრე გოგოლაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს, აბო ნავერიანს, ევა შაშვიაშვილსა და დავით სტურუას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, 4 ოქტომბრის მოვლენებზე ამ დროისთვის ჯამში 35 ადამიანია დაკავებული.
35 დაკავებულს შორის 30 - აქციის მონაწილეა, 5 კი მოძრაობა ეროვნული კრების წევრი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, პაატა მანჯგალაძე და ირაკლი ნადირაძე.