
საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის წევრებმა შოთა რუსთაველის ძეგლთან განცხადება გააკეთეს სახალხო პროტესტის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.
მარშის ერთ-ერთმა ლიდერმა გოტა ჭანტურიამ თქვა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროტესტი გაფართოვდება, გაძლიერდება და პროპაგანდას ყველა შესაძლო რესურსით დაუპირისპირდება.
მან დაასახელა კონკრეტული გეგმა, რომლითაც, მისი თქმით, გეგმავენ "კიდევ უფრო აქტიურ ბრძოლას".
განცხადება სრულად:
"ბოლო დღეების მოვლენები ცხადყოფს, რომ წინააღმდეგობის ახალი ფაზა იწყება. ამ კრიტიკულ პროცესში უპასუხისმგებლო პოლიტიკის დრო ნამდვილად არ არის. ჩვენთვის ნათელია, რომ წინააღმდეგობის ეს ფაზა საჭიროებს, ერთი მხრივ - განვლილის შეფასებას, მეორე მხრივ - სტრატეგიულ განახლებას. საზოგადოებრივი მაუწყებლის პროტესტთან მიმართებით სწორედ ეს შეფასება და განახლება გვინდა შემოგთავაზოთ.
ჩვენი პროტესტი 30 ნოემბერს დაიწყო და მას შემდეგ, წინააღმდეგობის არც ერთ დღეს საზ.მაუს წინ შეკრებისა და შემდგომი მარშის გარეშე არ ჩაუვლია. სწორედ ამ პრინციპულობით ჩამოვყალიბდით წინააღმდეგობის უმნიშვნელოვანეს კერად. 6 თვის განმავლობაში მოვიპოვეთ 20-ზე მეტი ეთერი საზოგადოებრივ მაუწყებელზე. 6 თვის განმავლობაში ვაწარმოეთ 150-ზე მეტი სახალხო ეთერი ტელევიზიის წინ, გავმართეთ 300-ზე მეტი მარში თბილისში და ათეულობით რეგიონებში. უწყვეტი რუტინის შედეგად, მივწვდით საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს. კონკრეტული შეძახილებითა და სათქმელით საჯაროდ შევძელით საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილების და პრობლემების არტიკულირება, რაც მთავარია - ყოველთვის ვიყავით რეჟიმის ტყვეებისა და მათი ოჯახების გვერდით.
გვჯერა, რომ ახლა, როდესაც ქვეყანაში ავტორიტარიზმი ყოველდღიურად ძლიერდება, მხოლოდ თანაგრძნობაზე დაფუძნებულ, პასუხისმგებლიან სახალხო წინააღმდეგობას შეუძლია დაუპირისპირდეს რეჟიმს. ახლა, როგორც არასდროს, აუცილებელია რეჟიმის ყველაზე მძლავრი იარაღისკენ, პროპაგანდისკენ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევის მიმართვა. სწორედ ამიტომ, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას რომ გავაფართოვოთ და გავაძლიეროთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროტესტი და პროპაგანდას ყველა შესაძლო რესურსით და ერთად დავუპირისპირდეთ.
ამისთვის ვგეგმავთ:
გვინდა მტკიცედ, ეჭვშეუტანელი რწმენით ვთქვათ, ვერავინ შეძლებს ამ ქვეყნის ხალხში გააქროს თანაგრძნობა. ჩვენ ვაგრძელებთ ერთმანთის მხარდამხარ ბრძოლას და ვამბობთ, რომ ვიბრძოლებთ ბოლომდე, სინდისის ყველა პატიმრის გათავისუფლებამდე და საზოგადოების კუთვნილი სამართლის დაბრუნებამდე. თავისუფლებისთვის, თანასწორობისთვის, სოლიდარობისთვის - ბოლომდე", - თქვა მან.