უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის ახალი მინისტრი, რუსტემ უმეროვი ოფიციალურად წარადგინა.
ზელენსკის თქმით, უმეროვს კარგად ესმის თავდაცვის სექტორი და ომის პირველივე დღეებიდან ჩართულია მოლაპარაკებებში.
"ოფიციალურად წარვადგინე უკრაინის თავდაცვის ახალი მინისტრი - რუსტემ უმეროვი. ის ძლიერი პიროვნებაა, სისტემური ადამიანი. მას კარგად ესმის თავდაცვის სექტორი. ფართომასშტაბიანი ომის პირველივე დღიდან, ის უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებებში იყო ჩართული, ძალიან რთულ და პროდუქტიულ მოლაპარაკებებში.
ის ასევე ჩართულია მოლაპარაკებებში ჩვენი ხალხის რუსული ტყვეობიდან გათავისუფლების შესახებ. რუსტემს ამ მხრივ, აქვს მნიშვნელოვანი შედეგები. მას შეუძლია მოახდინოს გადატვირთვა თავდაცვის სამინისტროს მუშაობაში. ეს არის ზუსტად ის, რაც ახლაა საჭირო", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
3 სექტემბერს, ზელენსკიმ ოლექსი რეზნიკოვი თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადააყენა. მან განაცხადა, რომ "ახალი მიდგომების" დროა. მოგვიანებით, მან თქვა, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტს რუსტემ უმეროვი დაიკავებდა, რომელიც უკრაინის სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელი იყო.
ოლექსი რეზნიკოვი თავდაცვის მინისტრის პოსტს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე იკავებდა.
5 სექტემბერს, უკრაინის რადამ თავდაცვის მინისტრის პოსტიდან რეზნიკოვის გათავისუფლებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ გაავრცელა. რეზნიკოვის გადაყენებას პარლამენტის 327-მა წევრმა დაუჭირა მხარი.