ზარქუა ამაღლობელზე: მისი არჩევანია [შიმშილობა] - არავის არ გაუვა სახელმწიფოსთან შანტაჟი

რაც შეეხება ქალბატონ ამაღლობელს - სახელმწიფოს უფლებამოსილებაა, რომ ხარისხიანი სერვისი მიაწოდოს, სამედიცინო სერვისი, მათ შორის, ბრალდებულს. დანარჩენი, იშიმშილებს თუ არა, როგორც სააკაშვილის შემთხვევაში ვეუბნებოდით, რომ მისი მოვალეობაა, მისი ფუნქციაა, მისი გადაწყვეტილებაა, როგორ გააპროტესტებს, მაგრამ სახელმწიფოს მოვალეობაა, რომ მას შეუქმნას ის პირობები, როგორც დანარჩენ მსჯავრდებულებს, ეს არის ხარისხიანი სამედიცინო სერვისი, თუ დასჭირდებათ და ამას ასრულებს სახელმწიფო და დანარჩენი, მისი არჩევანია.

სააკაშვილსაც ვეუბნებოდით, რომ შეეშვას შანტაჟს თავისი ახლობლების, მეგობრების და სახელმწიფოს. თავიდან ვერ გაიაზრა, ვერ გააცნობიერა, მაგრამ შემდეგ უკვე მოვიდა და აგერ, მშვენივრად გამოიყურება, ერთვება კიდევაც და ამბებშია. როგორც სააკაშვილს არ გაუვიდა ეს შანტაჟი, არავის არ გაუვა სახელმწიფოსთან შანტაჟი. ჩვენი მოვალეობა კარგად ვიცით, ხოლო მათი არჩევანიც, ეს დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ყველას თავისი არჩევანი აქვს.

თქვა ქართული ოცნების ერთპარტიული, არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელზე მზია ამაღლობელზე საუბრისას, რომელიც უკვე 26-ე დღეა შიმშილობს.