რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას მტკიცებით, რომის პაპის გუშინდელი მოწოდება უკრაინაში ომის დასრულების შესახებ "დასავლეთისკენაა მიმართული, რათა დაივიწყონ რუსეთის დამარცხების ამბიციები".
"მე ამას ასე ვხედავ - რომის პაპი დასავლეთს სთხოვს, გვერდით გადადონ ამბიციები და აღიარონ, რომ ეს შეცდომა იყო", - ამბობს ზახაროვა.
მისი თქმით, დასავლეთი უკრაინას რუსეთის დასუსტებისთვის თავისი "ამბიციების ინსტრუმენტად იყენებს".
"ჩვენ მოლაპარაკებები არასდროს დაგვიბლოკავს. უკრაინაში სიტუაცია ჩიხშია", - აღნიშნავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი.
გუშინ რომის პაპმა ფრანცისკემ შვეიცარიულ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ "თეთრი დროშის" გამბედაობა უნდა გამოიჩინოს. მან ასევე დაამატა, რომ მოსკოვმა და კიევმა მოლაპარაკებები საერთაშორისო ძალების დახმარებით უნდა წამოიწყონ.