ზახაროვა აშშ-ის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ შესაძლო სანქციებს ზეწოლას უწოდებს

ზახაროვა აშშ-ის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ შესაძლო სანქციებს ზეწოლას უწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ სახელმწიფოს სუვერენულ საქმეებში ჩარევაა ის, რომ "აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოს სანქციებით ემუქრება".

ზახაროვას თქმით, "ჯანსაღი ახსნა ვერ ექნება, რატომ მიიჩნევს აშშ, რომ შეუძლია კომენტარი გააკეთოს იმაზე, რაზეც თანხმდება ორი სუვერენული სახელმწიფო".

"ჩემი აზრით, სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის გარდა სხვა კვალიფიკაცია ვერ იქნება. ეს არის ავიამიმოსვლა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც არა მხოლოდ გეოგრაფიულ ჭრილში არიან მეზობლები, არამედ გვაკავშირებს კიდეც ერთმანეთთან ბევრი რამ, ისტორიულ კონტექსტში. რა შუაშია აქ შეერთებული შტატები, გაუგებარია. ჯანსაღი ახსნა ვერ ექნება, რატომ მიიჩნევს ამერიკა, რომ შესაძლებელია კომენტარი გააკეთოს, რაზე თანხმდება ორი სუვერენული სახელმწიფო.

რა თქმა უნდა, ვაშინგტონის ასეთ მენტორულ განცხადებებს განვიხილავთ, როგორც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებსა და მათ მესამე ქვეყნებთან ურთიერთობებში ჩარევას და დაუფარავ ზეწოლას. რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, ჩვენი ქვეყანაც და საქართველოც დემოკრატიული ვართ, ხალხი გამოხატავს სხვადასხვა შეხედულებას და ამის სრული უფლება აქვთ", - თქვა ზახაროვამ.

***

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეტიუ მილერის თქმით, აშშ შეშფოთებულია საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით. მისივე განცხადებით, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში, შესაძლოა, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.

19 მაისს პირველი რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. პირველი რუსული რეისის ჩამოფრენის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც აქტივისტები დააკავეს. პოლიციამ, სულ მცირე, 6 ადამიანი დააკავა.

რაც შეეხება თავად რუსულ კომპანიებს, ფრენის უფლება მიიღო კომპანია ავიაკომპანია Азимут-მა, რომელმაც 19 მაისს პირველი რეისი შეასრულა და კომპანია Red Wings-მა. ორივე კომპანია არის სანქცირებული უკრაინის მიერ. Red Wings, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების შავ სიაშიც არის.

რუსეთში იფრენს ქართული ავიაკომპანიაც - Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენების განხორციელების ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან 16 მაისს მიიღო და პირველი რეისი 20 მაისს შეასრულა.