ვოლსკი: კონიუნქტურიდან გამომდინარე, შეიძლება EU-ს საქართველოს წინსვლის შეფერხება სჭირდებოდეს

ვოლსკი: კონიუნქტურიდან გამომდინარე, შეიძლება EU-ს საქართველოს წინსვლის შეფერხება სჭირდებოდეს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის აზრით, კონიუნქტურიდან გამომდინარე, ევროკავშირს შესაძლოა, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საქართველოს წინსვლა გარკვეული მოსაზრებებით შეფერხება სჭირდებოდეს.

ვოლსკი ფიქრობს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს "სანქციები მოუხსნა", საქართველო ვერ დაუწესებს სანქციებს რუსეთს, რადგან ეს "თვითდაზიანება" იქნება.

"მე ვფიქრობ, დამაზიანებელი იქნება, თუკი სარკისებურად გადმოვიტანთ იმ წინადადებებს, რასაც ნაცმოძრაობა გვთავაზობს - დავუწესოთ სანქცია. სანქციის დაწესება მას მერე, რაც იმან მოგიხსნა სანქცია, ეს არის საკუთარ თავზე ისეთი ზიანის მიყენება, რომელსაც არ გაპატიებს საზოგადოება და სწორადაც მოიქცევა"- ამბობს ვოლსკი.

ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, ეთანხმება თუ არა იმას, რომ რუსეთის გადაწყვეტილება ფრენებთან დაკავშირებით საფრთხეს უქმნის კანდიდატის სტატუსს, რაზეც ვოლსკიმ ასე უპასუხა:

"ამ შემთხვევაში გონიერება მართებს ევროკავშირსაც. როგორ არის, იცით? ევროკავშირს, შესაძლოა, ამის საჭიროება ჰქონდეს კონიუნქტურიდან გამომდინარე, რომ საქართველოს წინსვლა შეაფერხოს გარკვეული მოსაზრებებით. ამასთან დაკავშირებით ის მიზეზი მოიყვანოს, რომ იმან (რუსეთმა) სანქცია მოუხსნა ქართველებს და ამით საშუალება მისცა ჩვენს თანამემამულეებს, რომ იმოძრაონ გაცილებით უფრო ნაკლები ხარჯებით და თავის ადამიანური უფლებების რეალიზაცია მოახდინონ, ეს იქნება უსამართლობა. ჩვენ არ შეიძლება ევროკავშირისგან უსამართლობის მოლოდინში ისეთი რამეები ვაკეთოთ, რაც საკუთარ თავს ზიანს მოუტანს. თვითდაზიანებას ხომ ვერ მივიყენებთ, არა?"- თქვა მან.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდება. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.

***

ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.

ამ დროის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ რუსეთი საქართველოსთან განიხილავდა როგორც პირდაპირი ფრენების აღდგენას, ისე სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

იმ დროს კი, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური ომის ფონზე, დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან ფრენებს კრძალავდნენ და სავიზო რეჟიმსაც აწესებდნენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პირიქით, მათთვის მისასალმებელი იქნებოდა უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენაც.