ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი კირბალში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე საუბრისას წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობას ახსენებს. მისი თქმით, თამაზ გინტურის მკვლელობა "დანაშაულის შედეგია, რომელიც ჩაიდინა ბელადმა [მიხეილ სააკაშვილმა]".
"დღეს ამ ადამიანის [თამაზ გინტურის] მკვლელობა არის დანაშაულის შედეგი, რომელიც ჩაიდინა თქვენმა ბელადმა. სწორედ ეგ არის დანაშაული, რომ რუსეთს მიეცი საშუალება ოკუპაციის, რუსეთს გაუვლე საოკუპაციო ხაზი, ადამიანები დატოვე იმ ზონაში, სადაც იცოდი, რომ დახოცავდნენ და დაახოცინე ადამიანები, აი ეს არის სწორედ დანაშაული", - აცხადებს გია ვოლსკი.
6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.
ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურია, გატაცებულია ლევან დოთიაშვილი.
ამის შემდეგ ერგენეთში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით აოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გაიმართა.
თბილისმა თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯა და ლევან დოთიაშვილის გადმოცემა მოითხოვა. შეხვედრაზე, ოკუპანტებმა თქვეს, რომ საკუთარ დანაშაულზე ე.წ. გამოძიებას აწარმოებენ და რომ გატაცებული დაჭრილი არ არის და ამჟამად ცხინვალის ე.წ. ციხეში იმყოფება. როგორია ლევან დოთიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად, სუს ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ აზუსტებს. უწყებას ინფორმაცია არც მკვლელობის და გატაცების ზუსტი ადგილის შესახებ აქვს. დაახლოებით ტერიტორიად კი სახელდება ლომისის ეკლესია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.