ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ვიზიტის ფარგლებში რომის პაპ ლეო XIV-ს შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ვიზიტის ფარგლებში რომის პაპ ლეო XIV-ს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში უკრაინისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე დასასწრებად ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე შეხვდა რომის პაპ ლეო XIV-ს მის საზაფხულო რეზიდენციაში.

ეს ვოლოდიმირ ზელენსკის და პაპ ლეო XIV-ს მეორე შეხვედრაა მას შემდეგ, რაც კონკლავმა ახალი პაპი აირჩია.

ვატიკანის განცხადების თანახმად, შეხვედრის დროს პაპმა ლეო XIV-მ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ვატიკანში ჩატარების შეთავაზება გააკეთა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრები აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელ კით კელონგთან და იტალიის პრეზიდენტთან სერჯო მატარელასთან.

უკრაინის პრეზიდენტს შეხვედრის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

10-11 ივლისს რომში უკრაინის აღდგენის რიგით მეოთხე კონფერენცია გაიმართება, რომელსაც უკრაინა და იტალია ერთობლივად ჩაატარებენ. ცნობილია, რომ კონფერენციას დაესწრებიან - ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის კომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი.