ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანეთის პრემიერთან შეხვედრის დეტალებზე წერს

ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანეთის პრემიერთან შეხვედრის დეტალებზე წერს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ კირ სტარმერთან "კარგი და პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდა". მისი თქმით, განაგრძობენ პოზიციების კოორდინაციას.

X-ზე პოსტში ვოლოდიმირ ზელენსკი გუშინ, 13 აგვისტოს, აშშ-ის პრეზიდენტისა და ევროპელი ლიდერების ჩართულობით გამართულ სამიტსაც გამოეხმაურა და დაწერა, რომ გუშინ პარტნიორებთან ერთად, დღეს კი დიდი ბრიტანეთის პრემიერთან, ორმხრივ ფორმატში განიხილა ალასკაში დაგეგმილი შეხვედრის მოლოდინები და შესაძლო პერსპექტივები.

"ასევე, საკმაოდ დეტალურად განვიხილეთ უსაფრთხოების გარანტიები, რომლებსაც შეუძლიათ მშვიდობის ჭეშმარიტი გამძლეობა უზრუნველყონ, თუ აშშ შეძლებს რუსეთზე ზეწოლას, შეწყვიტოს მკვლელობები და ჩაერთოს ნამდვილ, არსებით დიპლომატიაში. მნიშვნელოვანია, ნების კოალიციის ფარგლებში, ყველამ შევძლოთ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ეფექტური ფორმატის მიღწევა", - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კირ სტარმერთან ასევე განიხილა ჯარისა და თავდაცვის ინდუსტრიის მხარდაჭერის პროგრამის გაგრძელება. ასევე, განხილვის საგანი იყო უკრაინა-დიდი ბრიტანეთის 100-წლიანი პარტნიორობის შეთანხმება, რომლის რატიფიცირებისთვისაც, ვოლოდიმირ ზელენსკის თანახმად,უკრაინა აგვისტოში ემზადება.

"ნებისმიერ სცენარში უკრაინა შეინარჩუნებს თავის სიძლიერეს. მე და კირმა ასევე ვისაუბრეთ იარაღის მიწოდების ისეთ მექანიზმებზე, როგორიცაა PURL პროგრამა და მე მოვუწოდე დიდ ბრიტანეთს, შემოუერთდეს მას. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე განვიხილეთ ჩვენი ასწლიანი პარტნიორობის შეთანხმება. უკრაინა ემზადება მის რატიფიცირებისთვის აგვისტოში და შედეგად, ჩვენ შევძლებთ უკრაინა-დიდი ბრიტანეთის გაფართოებული შეხვედრის ჩატარებას", - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დღის წესრიგში ცალკე განსახილველი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო უკრაინული დრონების წარმოებაში ინვესტიციების განხორციელება.

"ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი წარმოების მოცულობის გასაზრდელად და სასწრაფოდ გვჭირდება დაფინანსება ამისთვის. დრონები გადამწყვეტ როლს თამაშობენ ფრონტის ხაზზე და უკრაინის შესაძლებლობები მათი წარმოების მხრივ განსაკუთრებულია. ამიტომ, ასეთ წარმოებაში ინვესტიციებს ნამდვილად შეუძლია გავლენა მოახდინოს სიტუაციაზე სტრატეგიულ დონეზე. ჩვენ ამ საკითხზე ვთანამშრომლობთ დიდ ბრიტანეთთან და ყველა ჩვენს პარტნიორთან", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.