
"ოცნების" პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
პროკურატურა ამტკიცებს, ბაჩიაშვილმა ივანიშვილისგან მითვისებული 8 986.8675 ბიტკოინისთვის კანონიერი სახის მისაცემად ბიზნესმენმა საქმიანობაში თავისი მშობლები ჩართო.
"როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2015-2017 წლებში გიორგი ბაჩიაშვილმა, რომლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში იმყოფებოდა, მაინინგში ინვესტიციის შედეგად გამომუშავებული, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტა, არ მოახდინა ვირტუალური აქტივების შესაბამისი ოდენობის გადაცემა ინვესტორისათვის და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი 8 986.8675 ბიტკოინი, რის შემდგომაც მოახდინა მითვისებული აქტივების ლეგალიზაცია.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივების ნაწილისათვის კანონიერი სახის მისაცემად აუცილებელ მოქმედებებში გიორგი ბაჩიაშვილმა საკუთარი მშობლებიც ჩართო. კერძოდ, ა.ბ.-ს და მ.რ.-ს ხელშეწყობით და დახმარებით, საზღვარგარეთიდან საქართველოს იურისდიქციაში თანხების/აქტივების გადმოტანის ოპერაციებით, საკუთარ, ასევე გიორგი ბაჩიაშვილის კონტროლირებად ანგარიშებზე აკუმულირებითა და სხვა აქტივებთან შერევით, ქონებების შეძენით, შემდგომი რეალიზაციით და შედეგად მიღებული თანხების გიორგი ბაჩიაშვილის კონტროლირებად ანგარიშებზე გადატანით და საბოლოდ განთავსების, განცალკევების და ინტეგრაციისათვის ხელის შეწყობის ქმედებებით, უკანონო აქტივები აკუმულირდებოდა ფინანსურ სისტემაში და ერთვებოდა სხვადასხვა სახის ურთიერთობაში. ხდებოდა ამ აქტივების ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობისა და საკუთრების უფლებების დამალვა და შენიღბვა", - აცხადებს პროკურატურა.
უწყების განცხადებით, ამ გზით ბაჩიაშვილმა 2017-2023 წლებში 2 944 957 დოლარის და 1 097 187 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახერხა.
პროკურატურის ცნობით, ბიზნესმენის მშობლების მიმართ გამოტანილი იქნა დადგენილება ბრალდების შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის.
დანაშაული თავისუფლების 9-დან 12 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
"პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - წერს უწყება.
***
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი დამნაშავედაა ცნობილი ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ბაჩიაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ისე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში.
თანხის მითვისების ნაწილში მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში – 11 წლით, რაც საბოლოო სასჯელად დარჩა.