
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ საქართველოს პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სახელმწიფოს კუთვნილი 403 095 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დაკავებულია შპს „გურია ენერჯის“ დირექტორი მ.ჟ. [მამუკა ჟღენტი] და საზედამხედველო კომპანიის თანამშრომელი პ.რ. ასევე, საზედამხედველო კომპანიის კიდევ ერთ თანამშრომელს ტ.მ-ს წარედგინება ბრალდება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
"ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სახელმწიფოს კუთვნილი 430095 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულია შპს “გურია ენერჯის” დირექტორი მ.ჟ. და საზედამხედველო კომპანიის თანამშრომელი პ.რ. ასევე, საზედამხედველო კომპანიის კიდევ ერთ თანამშრომელს, ტ.მ.-ს, წარედგინება ბრალდება.
საქმე ეხება დიდი ოდენობით თაღლითობას, დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარებას და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამზადება–გამოყენებას. კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტს.
ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ნორიო–ლილოს დამაკავშირებელი 3,52 კმ სიგრძის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების პროცესში, შპს “გურია ენერჯის” 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი მ.ჟ., ტენდერის შესრულების კონტროლსა და ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის, პ.რ.-ის დახმარებით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა–გამოყენების გზით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 430095 ლარს, რითაც სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
ექსპერტიზის დასკვნით, შპს “გურია ენერჯის” მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მიღებული და ჩაბარებული საავტომობილო გზა ექსპლუატაციისათვის უვარგისია.
აღნიშულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180–ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 25/180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით", - განაცხადეს სუს-ში ბრიფინგზე.