
მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის მძღოლმა, გია ჩადუნელმა, სასამართლოში განაცხადა, რომ ჯანგველაძე საქართველოში ყოფილ გენპროკურორ ოთარ ფარცხალაძეს ორჯერ შეხვდა. მისი თქმით, ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ ბიზნესმენი რადიკალურად შეცვლილი და გაკვირვებული ეჩვენა, - ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
ჩადუნელმა გაიხსენა ასევე 2025 წლის 14 მარტს ილია ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი თავდასხმა, როცა ბრალდებულმა გელა უძილაურმა ცეცხლი გახსნა და მას ორი ჭრილობა მიაყენა, ხოლო ჯანგველაძე ადგილზე მოკლა.
ცნობისთვის, ლევან ჯანგველაძის ანგარებით, შეკვეთით მკვლელობის ბრალდებით გელა უძილაურია დაკავებული.
შემთხვევა 2025 წლის 14 მარტს 23:30 საათზე თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს გია ჩადუნელს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჩადუნელი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გელა უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორის პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.