
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში, ბერლინში ჩავიდა. ინფორმაციას СNN ავრცელებს.
მას ადგილზე გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი დახვდა.
უკრაინის პრეზიდენტი ბერლინში ევროპელ ოფიციალურ პირებთან და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ვირტუალურ სამიტზე დასასწრებად ჩავიდა, რომელიც გერმანიის კანცლერის ინიციატივით გაიმართება.
ვირტუალური სამიტის შემდეგ დაგეგმილია ფრიდრიხ მერცის და ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენცია.
ცოტა ხნის წინ CNN-ს თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ დონალდ ტრამპი უკრაინის საკითხზე ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად მზადაა, მოგვიანებით კი, აშშ-ის პრეზიდენტმა The Truth Social-ში დაადასტურა, რომ მალე ევროკავშირის ლიდერებთან ისაუბრებს.
მოლაპარაკებებამდე რამდენიმე საათით ადრე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ "სამართლიანი მშვიდობისთვის რუსეთზე ზეწოლა უნდა განხორციელდეს" და დასძინა, რომ "უკრაინისა და სხვა პარტნიორების გამოცდილებიდან უნდა ვისწავლოთ, რათა თავიდან ავიცილოთ რუსეთის მხრიდან მოტყუება".
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 15 აგვისტოს შეხვედრას ალასკაში, ანკორიჯის სამხედრო ბაზაზე გამართავენ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ შეხვედრაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც მიიღებს მონაწილეობას.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა საშუალებას იძლევა, რომ მსჯელობის დროს ყურადღება გაამახვილონ ორი ქვეყნის ურთიერთობებში დაგროვილ ყველა საკითხზე.