ვივა მედის დირექტორი: კლინიკაში შემოვიდა კონტაქტური, ადეკვატური - აგრძელებს შიმშილობას

ვივა მედის დირექტორი: კლინიკაში შემოვიდა კონტაქტური, ადეკვატური - აგრძელებს შიმშილობას

კლინიკა ვივა მედის დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ დაადასტურა, რომ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი დღეს საღამოს საათებში კლინიკაში გადაიყვანეს.

ზურაბ ჩხაიძემ ფორმულასთან საუბრისას თქვა, რომ მზია ამაღლობელს ჩაუტარდა აუცილებელი კვლევები და ანალიზის პასუხების ნახვის შემდეგ, პაციენტს სტაციონარის პირობებში მკურნალობა შესთავაზეს, რასაც ის დათანხმდა.

ზურაბ ჩხაიძის თქმით, მზია ამაღლობელი კლინიკაში შევიდა კონტაქტური, მას არ ჰქონია გონების კარგვის ეპიზოდი. მისივე თქმით, "პაციენტი განაგრძობს შიმშილობას".

"მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ კლინიკა ვივა მედში საღამოს საათებში შემოყვანილი იქნა პაციენტი მზია ამაღლობელი. მას ჩაუტარდა აუცილებელი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები. ანალიზის შედეგების ნახვის შემდეგ, პაციენტი აგრძელებს მკურნალობას სტაციონარის პირობებში.

პაციენტი ჩვენთან შემოვიდა კონტაქტური, ადეკვატური, გონების კარგვის ეპიზოდი კლინიკაში არ ყოფილა. მისი გადმოცემით, მას არ აღუნიშნავს გონების კარგვის ეპიზოდი [სასჯელაღსრულების დაწესებულებაში]. მას ჰქონდა გარკვეული ჩივილები, რაც ზოგადად ახასიათებს შიმშილის ეფექტს და აქედან გამომდინარე, ჩატარებული იქნა ყველა აუცილებელი კვლევა, რაც საჭიროა ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ჩივილები [ჰქონდა], რაც დამახასიათებელია, კონკრეტულად ვერ დაგისახელებთ, მაგრამ რაც ზოგადად ახასიათებს შიმშილის ეფექტს. სტაბილურია, კონტაქტურია.

შეთავაზებული იქნა ინფუზიური თერაპია, რასაც პაციენტი დათანხმდა და ჩაუტარდა. შეფასდება მისი მდგომარეობა და მდგომარეობიდან გამომდინარე შემდეგ უკვე გეტყვით, რა და როგორ, ანუ, გადაწყდება, გააგრძელებს კიდევ რამდენიმე დღე [კლინიკაში მკურნალობას] თუ როგორ იქნება.

რა თქმა უნდა, გარკვეული ცვლილებები არის ანალიზებში, კიდევ განვმეორდებით, ჩაუტარდება ლაბორატორიული კვლევები, თუ საჭირო გახდება, ინსტრუმენტული კვლევებიც და მისი მდგომარეობის შესაბამისად, შემდგომ გადაწყდება მკურნალობის ტაქტიკა და ხანგრძლივობა", - თქვა ზურაბ ჩხაიძემ.

ცოტა ხნის წინ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მზია ამაღლობელი საჭირო კვლევებისთვის კლინიკაში გადაიყვანეს.