ვიტალი გუგუჩიასთვის მოქალაქეებმა გირაოს თანხა შეაგროვეს

ვიტალი გუგუჩიასთვის მოქალაქეებმა გირაოს თანხა შეაგროვეს

აქტივისტი ვიტალი გუგუჩიასთვის, რომელსაც ცოტა ხნის წინ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, მოქალაქეებმა გირაოს თანხა შეაგროვეს.

მან ეს ფორმულას ეთერში განაცხადა და მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს.

"მინდა მადლობა გადავუხადო იმ ხალხს, ვინც ნახევარ საათში თითქმის მთელი თანხა შეაგროვა. დიდი მადლობა, შეგროვდა თანხა და ნუღარ რიცხავთ, საკმარისია. იმედია და ღმერთმა ნუ ქნას, რომ სხვისთვის დაგვჭირდეს, თუ არადა თქვენი საჭიროებებისთვის აუცილებლად შემოინახეთ, მე კი უღრმეს მადლობას ვუხდი ხალხს, ვინც ასე გულწრფელად დამიდგა მხარში და დამეხმარა", - თქვა ვიტალი გუგუჩიამ.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ Facebook-ზე გამოაქვეყნა ვიტალი გუგუჩიას ანგარიში, სადაც მოქალაქეებმა თანხა ჩარიცხეს.

გუგუჩიას, რომლის მაღაზიიდანაც რუსული კანონის მხარდამჭერმა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ მოქალაქეს ფორთოხლები ესროლა, პროპაგანდისტული, სამთავრობო POSTV-ის გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლასა და ძალადობას ედავებიან.

კერძოდ, საუბარია 31 მაისს მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც სამთავრობო, პროპაგანდისტული მედია POSTV-ის გადამღები ჯგუფი გუგუჩიას სახლში მივიდა და აქტივისტსა და მის ცოლს პროვოკაციულ შეკითხვებს უსვამდა.

აღნიშნულს დაპირისპირება მოჰყვა. თავდასხმის შედეგად, ფიზიკური დაზიანებები მიიღეს ვიტალი გუგუჩიას ცოლმა, დედამ და ერთ-ერთმა ბავშვმაც.

გუგუჩიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

***

გუგუჩია არის იმ მაღაზიის მეპატრონე, საიდანაც ქართული ოცნების დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ფორთოხალი ესროლა ერთ-ერთ ადამიანს, რომელიც მას კანონის მიღების გამო ქუჩაში შეძახილებით დახვდა. რის შემდეგაც იგი მაღაზიაში ბოდიშის მოსახდელად დაბრუნდა, სადაც უთხრეს რომ "ფორთოხალი პრობლემა არ იყო, რადგან მან შვილებს მომავალი წაართვა.