დღეს, 12 ოქტომბერს ვებ-გვერდ Mona.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა, რომლის ავტორებიც პარტიები გირჩი - მეტი თავისუფლება და დროა არიან. პარტიებში ამბობენ, რომ ვებ-გვერდზე განთავსდება იმ ადამიანთა პროფილები, რომლებიც ქვეყნის ევროინტეგრაციას ეწინააღმდეგებიან.
გარდა ამისა, პარტიებში აცხადებენ, რომ პლატფორმაზე განთავსდება იმ ადამიანთა პროფილები, რომლებიც თავად გასცემენ ან თავად ასრულებენ უკანონო ბრძანებებს და გარდა ამისა, იმართებიან რუსული მეთოდებით.
ლიდერები ამბობენ, რომ ამ ადამიანთა პროფილებს შეარჩევს სპეციალური საბჭო, რომელიც დაკომპლექტებული იქნება როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან, ასევე სამოქალაქო სექტორისა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან, ეს სიები კი დიპლომატიურ მისიებს თუ საემიგრაციო სამსახურებს გადაეცემა.
გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ არავის მისცემენ უფლებას, თან შეეწინააღმდეგოს ევროინტეგრაციის პროცესს, თან კი თავშესაფრისთვის დასავლურ ქვეყნებს მიაშუროს.
"ამ ხალხს გამოვიყვანთ ყველას სააშკარაოზე და გავხდით საჯაროს მათ ვინაობას. მეორე, ხალხს უნდა ესმოდეს, რომ შევუნახავთ მათ სახელებს ისტორიას, 21-ე საუკუნეა და ეს ისე აღარ იქნება, როგორც შულავერის კომიტეტიდან 10 ადამიანის სახელი და გვარი გვახსოვს. ყველას სახელს და გვარს დავუტოვებთ შთამომავლობას, შევინახავთ უსასრულოდ და მომავალ თაობებს ეცოდინებათ, ვინ იყვნენ ამ კრიტიკულ მომენტში ვინ უშლიდა ხელს ამაში ყველა რგოლს და ყველანაირად შევეცდებით, უკვე გვაქვს კომუნიკაცია დიპლომატიურ მისიებთან, საიმიგრაციო სამსახურებთან, ყველანაირად შევეცდებით, ეს ხალხი ან მათი ოჯახის წევრები თუ გადაწყვეტენ ქვეყნიდან გაიქცნენ და ჩვენ დაგვტოვონ აქ, სიღარიბეში და რუსულ სივრცეში, უბედურებაში და თვითონ თავი დააღწიონ და გაიქცნენ დასავლურ ქვეყანაში, ყველანაირად შევეცდებით რომ ამას ხელი შევუშალოთ", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
დროას ლიდერის ელენე ხოშტარიას თქმით, ახალი პლატფორმის მიზანი სისტემური მხილების მექანიზმის შექმნაა.
"ამ სისტემას, როგორც რუსულ სისტემას, სჭირდება სისტემატური დაპირისპირება არა მხოლოდ ერთჯერად ფაქტებზე ყვირილი, არამედ სისტემური მხილების მექანიზმის შექმნა და სწორედ ეს არის mona.ge-ს საიტი, რომელზეც იქნება სისტემატიზებული ყველა სუს-ის თანამშრომელი, პროკურორი, მოსამართლე, მოძალადე, სიპის თანამშრომელი, რომელიც პარტიას ემსახურება და არა სახელმწიფოს, რომლებზეც დგას ეს რუსული სისტემა. საზოგადოებამ დღეს, ხვალ, ზეგ მუდმივად უნდა იცოდეს, რომ ესენი არიან ისინი, ვინც ახორციელებენ ამ უკანონობას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ისინი იქნებიან მხილებულები", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.